ტყიბული-ამბროლაურის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ71 მონაკვეთზე, ჩატერებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და გადაადგილება ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია. როგორც “თაიმერს” რეგიონული განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს ასევე აღდგა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე. თოვლისა და ლიპყინულის გამო, აღნიშნულ გზაზე დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმი: გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს საავტომობილო გზების სხვა მონაკვეთებზეც, ინტენსიური წვიმების შედეგად გამოწვეული ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ173-კმ188 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ70-კმ172 მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ1-კმ69 (მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო ნარდევანი–როდიონოვკა მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

banner
წინა სტატიაში“თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს პოლიტიკურ პარტიებთან უსაგნო პოლიტიკურ დებატებში შესვლას”
შემდეგი სტატია“ბოლო ორი წელია, “გაზპრომმა” ფულად ანაზღაურებაზე კატეგორიული მოთხოვნა დააყენა”