ტყემალაძე: „პანდემიის მიუხედავად, ჩვენ შევძელით დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ მათი განვრცობა და ახალი პროექტების ინიცირება“

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის კახა კალაძის წლიურ ანგარიშზე და დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის შესახებ განცხადება გააკეთა.

 

მისი განცხადებით, დღეს განვლილი პერიოდის შეჯამება მოხდა და ასევე ის პროექტები განიხილეს, რომლებიც დედაქალაქის და მოსახლეობის საკეთილდღეოდ მომავალ წელს განხორციელდება. გიორგი ტყემალაძის თქმით, პანდემიის მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეძლო.

„წლევანდელი წელი სრულიად განსხვავებული იყო ყველა ჩვენგანისთვის მსოფლიო პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე. ამ ურთულეს პერიოდში მუნიციპალიტეტმა შეძლო ოპერატიულად მიეღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ამ რთულ პირობებში ჩვენ, მერთან და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან ერთად შევძელით დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ მათი განვრცობა და ახალი პროექტების ინიცირება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც 1 მილიარდ 50 მილიონ ლარს აღემატება. მისი თქმით, ფინანსური დოკუმენტი სრულად შეესაბამება მოსახლეობის მიერ მხარდამჭერ პრიორიტეტებს.

„დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტით, რომელიც 1 მილიარდ 50 მილიონ ლარს აღემატება, გათვალისწინებულია ის პროექტები და თანმიმდევრული ღონისძიებები, რომელიც სრულად შეესაბამება ჩვენი მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილ პრიორიტეტებს და მიმართულებებს.

სწორედ ამ პრიორიტეტების მიხედვით ხორციელდებოდა უმნიშვნელოვანესი პროექტები ამ სამი წლის განმავლობაში, რის შედეგადაც ჩამოვაყალიბეთ ეფექტური მართვის პოლიტიკა და ქალაქის განვითარების ერთიანი ხედვა.

მომავალი წლის ბიუჯეტთან მიმართებაში მინდა აღვნიშნო, რომ ურთულესი გამოწვევის პირობებში იმედისმომცემია 2021 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომლებიც ვფიქრობ, მართლაც განაპირობებს ქალაქის სწორ განვითარებას.
ვიმედოვნებ, ყველა მათგანი წარმატებით განხორციელდება.“- დასძინა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი „სამართლიან არჩევნებს“- გვერდს ნუ უვლით თარიღებს, „ნოემბრის დასაწყისი“, „ნოემბრის ბოლო“ არ არის საკმარისი პასუხი
შემდეგი სტატიაპატარაია: „ისფედი“ უკვე ატარებდა შიდა აუდიტს, როდესაც ეუთო-ს ექსპერტმა დაურეკა აღმასრულებელ დირექტორს და ჰკითხა, ფორმულაში ხომ არ იყო მითვლილი ბათილი ბიულეტენებიც