მელიქიშვილის ქუჩაზე, კახა კალაძის შტაბის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს, რომლებიც უკვე მეორე დღეა იკრიბებიან და “ქართული ოცნების” პოლიტიკას აპროტესტებენ, შტაბიდან გამოვარდნილი სხვადასხვა ასაკის კაცები, “ქართული ოცნების” “ტიტუშკები” გაუსწორდნენ.
თავდაპირველად დაპირისპირებული მხარეები დაშორიშორებით, ხოლო საპატრულო პოლიცია ბარიერებთან, შუაში იდგა. მალე ორივე მხარე ერთმანეთის გინებასა და ბოთლების სროლაზე გადავიდა. ამას მოჰყვა კალაძის შტაბის უკანა გასასვლელით “ზონდერების” გაპარვა, მობილიზება და ზურგიდან მოვლა, რასაც ფლანგებიდან ასევე ზონდერთა სხვა ჯგუფი უმაგრებდა მხარს.
ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე მომიტინგეს, გამოიყენეს რეზინის ხელჯოხები პოლიციის თვალწინ, თუმცა არც ცემისთვის, არც რეზინის ხელჯოხის ტარებისთვის პოლიციას არავინ დაუკავებია. მედიის მიერ გადაღებულ კადრებში მკაფიოდ ჩანს, როგორ იყენებენ კალაძის მომხრეები უკმაყოფილი მოქალაქეების წინააღმდეგ უხამს ჟესტებს, სცემენ ქალებს, იყენებენ რკინის ბარიერებს თავდასხმისთვის.
ახლახან შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე დაპირისპირების შემდეგ პრესრელიზი გაავრცელა, სადაც წერს რომ გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ეს დანაშაული 4-დან 6 წლამდე პატიმრობით ისჯება.
შსს-ს მიერ 22:18 წუთზე გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, “ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.”
სამართალდამცველი უწყება ირწმუნება, რომ შემთხვევის “ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა, სიტუაციის განმუხტვისა და კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი ზომები გაატარეს.”
















