ტიმოთესუბნის მონასტრის წინამძღვარი – ისეთი ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს ტაძარში ევრორემონტი გავაკეთეთ, კარადა წლებია, აქ დგას

region
ავტ.: region აგვისტო 19, 2019 17:26

ტიმოთესუბნის მონასტრის წინამძღვარი – ისეთი ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს ტაძარში ევრორემონტი გავაკეთეთ, კარადა წლებია, აქ დგას

ტიმოთესუბნის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იერომიელი ტაძრის ტერიტორიაზე ჩაშენებული კარადის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ კარადა რამდენიმე წელია, ამ ადგილზე დგას. მისი თქმით, კარადას თავისი დატვირთვა აქვს და მცირე ადგილს იკავებს.

„წლებია, რაც ეს კარადა აქ დგას. ყოველ შემთხვევაში, 2-3 წელი მაინც არის, რაც ამას აქ ვხედავთ და ახალი არაფერი მომხდარა. ამას სააგენტოს წარმოადგენლებიც ხედავდნენ. მიღებულია ტაძრის გამშვენება ხატებით, კიოტებით, კანკელით და იმ სათავსოების გაკეთებით, რომელიც საჭიროა ყოფა-ცხოვრებისთვის. ტაძრის მსახურებისთვის ცოცხი, აქანდაზი, ფიანდაზები გვაქვს შენახული, რომელსაც ვიყენებთ სამღვდელმთავრო მსახურების ჟამს. აქ ახალი არაფერი არ გახლავთ და ინფორმაცია ისეა მოცემული, თითქოს მთავარ ტაძარში ხდება ეს ყველაფერი და თითქოს ევრორემონტი გავაკეთეთ. არამც და არამც, ეს არის პატარა კარადა რომელსაც მცირე ადგილი უკავია. ის ასრულებს თავის დანიშნულებას.

ეს არის პრესირებული მასალით გაკეთებული და ამასაც თავისი დატვირთვა აქვს. ეს ტაძარი, მოგეხსენებათ, ტყეშია, ნესტიან ადგილზე და აქ ნებისმიერი ხე იბერება, განიცდის ცვლილებას. ამიტომ, ჩვენ ისეთ რამეს ვერ გავაკეთებდით, რომ მერე კარები ვერ დაგვეხურა. არანაირ ყურადღებას არ იქცევს, არც ფერით, არც მყვირალა გამოსახულებით. მხოლოდ და მხოლოდ თავის ფუნქციას ასრულებს.

ყველაზე სამწუხარო რაცაა და დაჯერებაც მიჭირს, ეს გამოქვეყნდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ეგიდით. მათთან ვთანამშრომლობთ წლების განმავლობაში. პროფესიონალები არიან იქ, ვადასტურებ. მე არ ვიცი, შეიძლება ვიღაც ახალი გამოჩნდა, რომელსაც ასეთი ნიუსით უნდა, სახელი მოიხვეჭოს, არ ვიცი, დაჯერებაც მიჭირს. თან ასეთი იმპერატიული ნათქვამით, ჩვენ უნდა ჩავიდეთ და ვაიძულოთ ბერები, რომ დავაშლევინოთ და მოხსენება გავაკეთოთ.

ჩამობრძანდნენ, დავხვდებით, თუ, რა თქმა უნდა, ღირს მათი ჩამოსვლა. მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს ნიუსი იყო სირცხვილი და მეტი არაფერი“, – აღნიშნა არქიმანდრიტმა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსზე უნებართვო ქმედება გამოვლინდა. სააგენტოს ინფორმაციით, საზოგადოების რიგითი წევრების მიერ მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო დაფიქსირდა, რომელიც ინტერიერში თვითნებურადაა დამონტაჟებული.

region
ავტ.: region აგვისტო 19, 2019 17:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics