Times-მა რუსულ “მაშა და დათვს” პუტინის პროპაგანდა უწოდა

Times-ის სტატიამ, რომელშიც საუბარი იყო რუსული ნახატი ფილმის პროპაგანდისტულ ნიშნებზე, სოცქსელებსა და რუსულენოვან მედიაში ხმაური გამოიწვია.
Times-ის მასალაში მოყვანილია ფინური გაზეთის Helsingin Sanomat-ის დასკვნა, რომელიც ესტონეთის ტალინის უნივერსიტეტის კომუნიკაციების დეპარტამენტის პედაგოგის პრიიტ ხიბემიაგის ინტერვიუზეა დაყრდნობილი, სადაც ის ამბობს, რომ ნახატ ფილმში დათვი რუსეთის სიმბოლოა, ამ პერსონაჟის მთავარი დანიშნულება კი ბავშვების რუსეთისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა.

ნახატი ფილმი “მაშა და დათვი” (“Маша и Медведь”) პოპულარულია არა მხოლოდ რუსეთში. YouTube-ს ინგლისურენოვან არხზე მას 4 მილიონი გამომწერი ყავს. სულ ნახატ ფილმს 40 მილიარდი ნახვა აქვს. ნახატი ფილმი პოპულარულია, ასევე ონლაინ-კინოთეატრ Netflix-ზე.
ხებემიაგი თვლის, რომ ნახატი ფილმი იმ კამპანიის ნაწილია, რომელიც ესტონეთის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის.

უსაფრთხოების საკითხებში ბუკინგემის უნივერსიტეტის სპეციალისტმა ენრონი გლისმა Times-ს განუცხადა: “მაშა თავხედია, აუტანელიც, მაგრამ მტკიცე. იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეიძლება. არ იქნებოდა გადაჭარბება, თუკი მასში რაღაც პუტინურს შევნიშნავთ”.

რუსულმა სახელმწიფო გამოცემებმა უცხოური მედიის მხრიდან “პათოლოგიურ რუსოფობიაზე” განაცხადეს. “მაშა და დათვმა” დასავლეთში ისევ გამოიწვია ისტერიკა. ისინი ამბობენ, რომ მაშა “პუტინისეულად” იქცევა, დათვი კი ბავშვების ცნობიერებას ცვლის” – რუსულმა “ვესტიმ” დაწერა.
ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ განცხადება გააკეთა. “დღეს გაზეთმა Times-მა მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრა: როგორ შეიძლება ბრიტანეთმა თავი დაიცვას “მაშა და დათვისგან”? გახსნას ბალტიის ქვეყნებში ჭიანჭველების დახატვის ცენტრი? ევროკავშირის სანქციების სიაში შეიყვანოს ნახატი ფილმის შემქმნელები? აშკარად საჭიროა გადამწყვეტი და ძალიან ძვირადღირებული გადაწყვეტილების მიღება” – დიპლომატები “ტვიტერში” ირონიულად წერენ.

კომენტარები გააკეთეს პირებმა, რომელზეც ვერავინ იტყვის, რომ კრემლისადმი სიმპათიები გააჩნიათ. “ჩემი ჟურნალისტური კარიერის მანძილზე შევეჩვიე იმას, რომ რუსეთის დუმადან ვიღაც ტიპები ამბობენ, რომ ჰარი პოტერი ან “ტელეღიპუცები” დიდი საიდუმლო შეთქმულების ნაწილია, რომელიც რუსი ბავშვების წინააღმდეგ არის მიმართული. ეტყობა, ყველაფერი ძალიან ცუდადაა, რადგანაც Times-მა ანალოგიურ მეთოდებს მიმართა” – “ბიბისის” ყოფილი რუსი ჟურნალისტი ლეონიდ რაგოზინი აცხადებს.
“დღევანდელმა სულელურმა სტატიამ იმაზე, რომ “ყველაფერი რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია”, მდგომარეობიდან გამომიყვანა” – რუსეთის შესახებ ერთ-ერთმა წამყვანმა ინგლისელმა ექსპერტმა მარკ გალეოტიმ თქვა.
ნახატი ფილმის შემქმნელი სტუდიის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლოვეიკომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პროპაგანდის შესახებ გამონათქვამების კომენტირება ირონიის გარეშე შეუძლებელია. “ათი წლის მანძილზე ჩვენ არც ერთი კაპიკი არ გვქონია სახელმწიფოდან. ჩვენც არავისთვის გვითხოვია, იმიტომ, რომ ეს წმინდა კომერციული პროექტია” – განაცხადა მან. ასევე, ლოვეიკომ ხაზი გაუსვა იმას, რომ გმირების შექმნისას პოლიტიკურ პარალელებზე არც უფიქრიათ.

რატომ აკრიტიკებდნენ სხვა პოპულარულ ნახატ ფილმებს?

“ტომი და ჯერის” ბრალს სდებდნენ “ეთნიკურ და რასობრივ კონტექსტებში” ერთ-ერთი პერონაჟის, შავკანიანი მოსამსახურის გამო. გარდა ამისა, უკმაყოფილებას იწვევდა ის, რომ ნახატი ფილმის რამდენიმე პერსონაჟი სიგარეტს ეწეოდა.

2017 წელს ამერიკის მოქალაქემ ანიმაციურ სერიალ “ჭია მაიას თავგადასავალის” შემქმნელებს უხამსი გამოსახულების გამო უჩივლა. ერთ-ერთ ეპიზოდში, ის ამბობს, რომ ხეს მამაკაცის სასქესო ორგანოს ფორმა აქვს.

2010 წელს სატირულმა ნახატმა ფილმმა “სამხრეთის პარკი”, სადაც გამოყენებულია უხამსი ხუმრობები, მუსლიმებში აღშფოთება გამოიწვია წინასწარმეტყველი მუჰამედის დათვის კოსტიუმში ჩვენების გამო. ტელეარხმა Comedy Central-მა ამის გამო ბევრი მუქარის წერილი მიიღო და სკანდალური სცენა ამოჭრა, რომელმაც თავისუფალი სიტყვის დამცველებისგან კრიტიკა დაიმსახურა.

1936 წელს “დისნეილენდის” სიმბოლო მიკი მაუსი ნაცისტურ გერმანიაში აიკრძალა – ჰიტლერი თვლიდა, რომ უოლტ დისნეი ებრაელი იყო, შესაბამისად, “დეგენერატიული ხელოვნების” შემქმნელი. გარდა ამისა, ფიურერი აღშფოთდა ერთ-ერთი სერიით, სადაც თაგვი პრუსი ოფიცრის ფორმით დადის. გდრ-ის დროსაც ნახატ ფილმს არ სწყალობდნენ, რადგანაც ითვლებოდა, რომ ის ამერიკული იმპერიალიზმის პროპაგანდა იყო.

ამერიკულ სერიალ “სიმპსონს”, მიუხედავად მისი პოპულარობის, სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი ადამიანი აკრიტიკებს. რუსეთის დუმას დეპუტატების თქმით, “სიმპსონები” სავსეა ძალადობრივი სცენებით. იგივეს ფიქრობენ კონსერვატორი ამერიკელები. აშშ-ს ყოფილმა პირველმა ლედიმ ბარბარა ბუშმა ერთ-ერთ ინტერვიუში “სიმფსონებზე” თქვა, რომ ის “ყველაზე სულელურია, რაც კი ოდესმე მინახავს”.

სტატია გამოქვეყნდა “ბიბისი”-ზე
მოამზადა ეკატერინე ლემონჯავამ

banner
წინა სტატიაში2013-2018 წლებში ფოთში განხორციელებული პროექტები
შემდეგი სტატიანეთანიახუ: ისრაელისთვის ვადამდელი არჩევნები კატასტროფა იქნება