ტილერსონი: პუტინმა უარყო მოსაზრება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის თაობაზე

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა დაიწყო აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი შესაძლო ჩარევის საკითხით, იუწყება სააგენტო Reuters.
ტილერსონმა აღნიშნა, რომ ტრამპს და პუტინს ჰქონდათ ხანგრძლივი საუბარი ამ თემაზე. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა უარყო გავრცელებული მოსაზრება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ჩარევის თაობაზე.ტრამპი-პუტინის შეხვედრას რექს ტილერსონი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ორი თარჯიმანი ესწრებოდნენ.

ტილერსონმა, რომელიც ჰამბურგიდან ოფიციალური ვიზიტით კიევში მიემგზავრება, აღნიშნა, რომ საუბრის პროცესში ორი ქვეყნის ლიდერმა უკრაინის კრიზისსა და სირიის კონფლიქტს დიდი დრო დაუთმეს.

„ეს პირველი შემთხვევაა, როცა სირიასთან მიმართებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს ერთად მუშაობა შეუძლიათ. დიდხანს ვისაუბრეთ სირიაში მიმდინარე ძალადობრივ პროცესებზე. დეესკალაციისთვის ერთად მუშაობა აუცილებელი პირობაა. ამერიკა თვითგამოცხადებულ ისლამურ სახელმწიფოს მალე გაანადგურებს, ახლა დროა რუსეთმა პასუხისმგებლობა აიღოს სირიელი ხალხის წინაშე და პოლიტიკურ პროცესებში ჩვენთან ერთად ჩაერთოს“ – განაცხადა რექს ტილერსონმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ საუბარი შეეხო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, კიბერუსაფრთხოებასა და იმ ორმხრივ საკითხებს, რის ირგვლივაც რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე, კითხვები დაგროვდა.

შეხვედრა დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში ჰამბურგში გაიმართა. პროტოკოლის მიხედვით, შეხვედრისთვის 30 წუთი იყო გათვლილი, თუმცა მოგვიანებით, შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ აუდიენცია ჩანიშნულ დროზე ადრე დაიწყო და 2 საათზე დიდხანს გაგრძელდა. ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა საერთაშორისო მედიის კითხვები უპასუხოდ დატოვეს. შეხვედრის შემდეგ მათ ბრიფინგი არ გაუმართავთ.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/golosameriki/videos/10154578136002026/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიორი აფეთქება სეპარატისულ ლუგანსკში (ვიდეო)
შემდეგი სტატიაცხინვალი რუსეთისგან ითხოვს სააკაშვილის ძებნაში გამოცხადებას- ბიბილოვმა განცხადება სოხუმში გააკეთა