ტიკარაძე: საველე ჰოსპიტლების გამოყენების საკითხს არ განვიხილავთ

region
ავტ.: region ნოემბერი 23, 2020 20:08

ტიკარაძე: საველე ჰოსპიტლების გამოყენების საკითხს არ განვიხილავთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში კოვიდინფიცირებულთათვის საველე ჰოსპიტლების მოწყობის საკითხი არ განიხილება.

ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში საკმარისი რესურსია, რათა პაციენტების ნაკადს გაუმკლავდეს.

“ჩვენ საქართველოში ამ საკითხის (საველე ჰოსპიტლების გამოყენებას) არ განვიხილავთ, ვინაიდან გვაქვს არა ერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც მობილიზებულია საველე ჰოსპიტლები და კარვები და დღემდე, მიუხედავად იმისა, ითვლება, რომ მათ მეორე ტალღის პიკი გადაიარეს, იქ არც ერთი პაციენტისთვის მომსახურება არ გაუწევიათ. კარვების სანაცვლოდ გვაქვს არა ერთი დამატებითი სივრცე, რომელიც ამ ეტაპისთვის მზადდება და არის საავადმყოფოების ბაზაზე და ასევე სასტუმროებში, სადაც გვაქვს სრული სამედიცინო სამეთვალყურეო მომსახურება, როგორც კვლევების კომპონენტში, ასევე ჟანგბადის კონცენტრატორებით. თუ სწორად ვმართავთ პაციენტების ნაკადს, გვაქვს რესურსი, რომ პაციენტებმა მეტად უფრო კომფორტულ პირობებში გაიარონ ინფიცირების პერიოდი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ”, – აცხადებს ტიკარაძე.

საქართველოს კლინიკების ასოციაციის მთავრობას მიმართავს და აცხადებს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამოქალაქო სექტორს დაეხმაროს სამხედრო სამედიცინო სამსახური, რეკომენდებულია დიდი კლინიკების მიმდებარედ, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში დაუყოვნებლივ გაიხსნას სამხედრო საველე ჰოსპიტლები (100, 300, 500 პაციენტზე გათვლილი კარვები, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, აპარატურით, გათბობისა და კონდიცირების სისტემებით).

გარდა ამისა, კლინიკების ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ვირუსთან ბრძოლის საქმეში აქტიურად უნდა ჩაერთონ სამხედრო ექიმები, სამხედრო მედდები და სანიტრები.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 18 482 აქტიური შემთხვევაა. 6 221 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ინფიცირებული 881 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 330 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 3 531

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 108 690 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 89 170 გარდაიცვალა – 1 012.

region
ავტ.: region ნოემბერი 23, 2020 20:08