ტიკარაძე – სასწრაფო დახმარების გამოძახებებზე საშუალო მოლოდინის დრო შემცირდა

სასწრაფო დახმარების გამოძახებებზე საშუალო მოლოდინის დრო საათი და 24 წუთიდან შემცირდა 20 წუთამდე, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 2020 წლის პირველი იანვრიდან გადაუდებელი დახმარება 1 200 000 მოქალაქეს გაეწია. მისივე განმარტებით, გადაუდებელი დახმარების ექიმები მოქალაქეთა დასახმარებლად სწრაფ რეაგირებას უმოკლეს დროში ახერხებენ.

„2020 წლის პირველი იანვრიდან გადაუდებელი დახმარება გაეწია 1 200 000 მოქალაქეს. სასწრაფოს დაგვიანება არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი, რაზეც, მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ობიექტური კრიტიკა მოდის საზოგადოებიდან, მე ვარ სოლიდარული. მაგრამ, როდესაც მიზანმიმართული ნეგატივი მოდის დესტრუქციული ჯგუფებიდან, ყველამ უნდა გავიხსენოთ თუ რამდენად დიდი შრომის ფასად უწევთ სასწრაფოს ექიმებს პანდემიის სირთულეებთან გამკლავება. დღეისათვის მნიშვნელოვნად არის შემცირებული სასწრაფო დახმარების გამოძახებებზე რეაგირების დრო, შესაბამისად შემცირდა გამოძახებების დაყოვნების მაჩვენებელიც. გამოძახებებზე საშუალო მოლოდინის დრო ერთი სთ და 24 წუთიდან შემცირდა 20 წუთამდე. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კიდევ უფრო გაუმჯობესება ჩვენი პრიორიტეტია. 2020 წელს ქვეყნის მასშტაბით გადაუდებელი დახმარების სამსახურები სამინისტროს ქოლგის ქვეშ გაერთიანდა და ამავე წელს ჩვენ ერთად გადავდგით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი: ცენტრს გადაეცა 140 ახალი ავტომობილი; გაიხსნა სასწრაფო დახმარების 26 ახალი ადმინისტრაციული შენობა; გაიზრდა სამედიცინო პერსონალის ხელფასი. მომდევნო წლისთვის 1.5 მლნ ლარზე მეტია განსაზღვრული სასწრაფო დახმარების პერსონალის ჯანმრთელობის დაზღვევისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიახვლედიანი – უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ოკუპაციის ქვეშ მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა
შემდეგი სტატია2021 წელს ჩვენ შევიძენთ საბრძოლო დრონებს – ღარიბაშვილი