ტიკარაძე – საქართველოში შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან დაიწყება ვაქცინაცია

დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, საქართველოში შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი, -ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, დღეს საქართველოში შემოვიდა კოვაქს პლატფორმის მხრიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინა.

„დღეს დღეობით ჩვენ ხელმისაწვდომი გვაქვს 43 200 ვაქცინა, რომელიც საქართველოს კოვიდსაწინააღმდეგო გეგმის მიხედვით, განკუთვნილი არის სამედიცინო პერსონალისთვის. დღეს დღეობით დარეგისტრირებული არის 64 051 ადამიანი, რომელთაგანაც 54 ათასი ადამიანი ექვემდებარება ვაქცინაციას. გამომდინარე იქიდან, რომ ექიმები წარმოადგენენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის პროცესზე ზრუნვაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ სეგმენტს რა თქმა უნდა, ეს ვაქცინების ნაწილი განკუთვნილი არის სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციისთვის. დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ვაქცინაციის გეგმის მიხედვით საქართველოში შერჩეული არის 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ყველა დაწესებულებაში ჩატარებული არის შესაბამისი ტრენინგი, შემოწმებული არის ის შესაბამისი აღჭურვილობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ვაქცინების უსაფრთხო ტრანსპორტირებას და შემდეგ განთავსებას.

„ეს პროცესი დღეს დღეობით არის დაავადებათა კონტროლის მონიტორინგის ქვეშ, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ საქართველოში ვაქცინაციის პროცესის მაკონტროლებელ და მარეგულირებელ დაწესებულებას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამედიცინო პერსონალი ჩაერთოს ამ პროცესში, ვინაიდან ვაქცინაციის პროცესი ეს არის, როგორც ხშირად ამბობენ, დასასრულის დასაწყისი და ეს აქტივობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – აპრილის მეორე ნახევარში ვაქცინის 86.000 დოზა შემოვა