ტიკარაძე – ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია არ იქნება სავალდებულო

ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია არ იქნება სავალდებულო, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათთვის გაიხსნება ფანჯრები, სადაც შეძლებენ ვაქცინაციის ჩატარებას. მათთვის რეგისტრაციის მოდული არ იქნება სავალდებულო, რადგან ვთვლით, რომ მაქსიმალურად გამარტივებული უნდა იყოს ყველა პროცედურა, რომელსაც ისინი გაივლიან. დამატებითი სქემა იქნება იგივე, ყველა ექიმი და რისკჯგუფი, რომელიც განსაზღვრულია კოვიდვაქცინაციის საბჭოს მხრიდან, მათი ვაქცინაციაც იგივე სქემით წარიმართება. უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე და სურვილის შემთხვევაში, ისინი გაივლიან რეგისტრაციას. ჩვენ ვიცით დაახლოებით იმ სამედიცინო პერსონალის რაოდენობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მათთვის გამოყოფილი გვაქვს საჭირო დოზა, დაახლოებით 500 დოზამდე იქნება სამედიცინო პერსონალისთვის. ამასთან, პენსიონრების კუთხითაც მკაფიოა საბჭოს ხედვა. იცით, რომ ისინი სარგებლობენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საპენსიო შეღავათებით და მათთან მიმართებაში აქვს საბჭოს ხედვა, თუ რა დოზების მარაგი იქნება გამოყოფილი. თუმცა, ვინაიდან არ გვაქვს რეგისტრაციის ვალდებულება ჩადებული ამ პროცედურაში და მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაციას, დოზების შეზღუდვას არ მივმართავთ. ისინი არ იქნებიან შეზღუდულები ვაქცინის არჩევაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – შემდეგ კვირაში გვექნება დამატებით ჩინური ვაქცინის 100 000 დოზა
შემდეგი სტატიატიკარაძე – „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის სურვილი ამ დროისთვის 10 000-ზე მეტ ადამიანს აქვს გამოხატული