ტიკარაძე: ლეტალობა საკმაოდ დაბალია – ძალიან რთული ასახსნელია მოსახლეობისთვის

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებული პირების სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და სტატისტიკიდან გამომდინარე, ეს მოსახლეობისთვის ძალიან რთული ასახსნელია.

“ლეტალობის სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ საქართველოს ლეტალობის სტატისტიკა არის 0.9%, აქიდან გამომდინარე ეს ძალიან რთული ასახსნელია მოსახლეობისთვის, როდესაც აბსოლუტურ რიცხვებში ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაცხადებთ, 30–ზე მეტ ლეტალობის შემთხვევას, თუმცა, როდესაც ამის ანალიზი კეთდება, საქართველო დღესდღეობით იმყოფება საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზე ლეტალობის მხრივ”. – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

4 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა, სულ ქვეყანაში 1 425 პაციენტი გარდაიცვალა.

2 მცხეთის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსით 24 წლის ქალი გარდაიცვალა. დაღუპულის ოჯახი უარყოფს, რომ 24 წლის ქალს თანმდევი დაავადება ჰქონდა და გარდაცვალებაში კლინიკას ადანაშაულებს.

პირველ დეკემბერს საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა. გარდაცვლილის დედის თქმით, პაციენტი ჰოსპიტალში 6 დღის განმავლობაში არ გადაჰყავდათ, რის შემდეგაც, 1 ადგილი “ნაცნობობით” იპოვეს.

25 ნოემბერს ახალციხეში, სოფელ წყალთბილაში კოვიდინფიცირებული მამა-შვილი გარდაიცვალა. ოჯახის წევრებისა და ექიმის თქმით, კლინიკაში მისულ კაცს მიღებაზე უარი უთხრეს.

თუ ინფიცირებულს კლინიკა არ იღებს, 15 05-ზე დარეკოს და დროული რეაგირება მოხდება

ბოლო 24 საათში საქართველოში ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევა დადასტურდა , რაც ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 24 საათში გამოვლენილი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა 2 336 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 152 704 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 126 904 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 425 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 24 349.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილ სიტუაციას განიხილავენ
შემდეგი სტატიაგაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, სოფიო ქაცარავამ დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნებათა სიგელები გადასცა.