ტიკარაძე – კოვიდპასპორტებთან დაკავშირებით კარგი პროგრესი გვაქვს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ე.წ. ვაქცინაციის მარათონი წარმატებული აღმოჩნდა და მომავალში მარათონი მცირე ზომის სოფლებშიც დაიწყება.

„ვაქცინაციის მარათონი საკმაოდ წარმატებულია, ავცერით მოსახლეობის ის ჯგუფი, რომელიც გამოიკვეთა, რომ თავისი ინიციატივით ნამდვილად არ აიცრებოდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს გაგრძელდეს არა მხოლოდ 50 დიდ სოფელში, რომელიც ამ ეტაპისთვის ამორჩეული იყო, არამედ შემდეგ ეტაპზე გადავინაცვლებთ შედარებით მცირე ზომის სოფლებში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა ვაქცინაციაზე გადაწყვეტილება თავად მიიღონ. მისივე თქმით, საჭიროა, ამ კუთხით საინფორმაციო კომუნიკაცია გააქტიურდეს.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინიტროს პოზიციაა, რომ კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინაცია იყოს ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო.

„არაერთხელ აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვანია, გააქტიურდეს საინფორმაციო კომუნიკაცია ყველა დონეზე, თუ რატომ არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი და მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ნებისმიერი იძულებითი ღონისძიებისგან. ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია, რაც არაერთხელ გაჟღერებულა. ამ ეტაპისთვის ჩვენ ვერანაირ იძულების საფუძველს ვერ ვხედავთ. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის ჩვენ სავალდებულო ვაქცინაცია არ გვესაჭიროება. მნიშვნელოვანია, რომ გამოკვლეული იყოს თითოეული მიზეზი, თუ რატომ ამბობს მოქალაქე უარს ვაქცინაციაზე, მოხდეს მისთვის განმარტების მიცემა. სწორედ ეს არის დემოკრატია, არანაირი დაპირისპირება არაა. საკითხს ერთპიროვნულად არავინ წყვეტს, ვმსჯელობთ საბჭოზე და ვიღებთ ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას კოვიდპასპორტების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, ხომ ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი პროგრესია.

„კოვიდპასპორტებთან დაკავშირებით საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს. ხვალ საბჭოზე გაჟღერებული იქნება გარკვეული კომენტარები და გაკეთდება განცხადებები მის შემოღებასა და ევროპაში გამოყენებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

წინა სტატიაშინეკრესის ეპარქიაში, კორონავირუსით მონაზონი, დედა ივლიტა გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამდინარაძე: მაგიდაზე დასკოჩილი ბიჭების გაუპატიურების ავტორები საუბრობენ ადამიანის უფლებაზე