ტიკარაძე – გადადგომის თაობაზე ანონსის მიუხედავად, ჩემი გრაფიკი ასეთი აქტიური იქნებოდა

გადადგომის თაობაზე ანონსის მიუხედავად, ჩემი გრაფიკი ასეთი აქტიური იქნებოდა – მივყვებით რიტმს იმ კალენდრით, რაც წლის ბოლომდე იყო დაგეგმილი, რათა საზოგადოებისთვის გაგვეცნო, რითი იყო სამინისტრო დაკავებული 2 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ გააქტიურდა ღონისძიებების გამართვის თვალსაზრისით მას შემდეგ, რაც გადადგომის შესახებ დააანონსა.

როგორც ტიკარაძემ განმარტა, თავს ვალდებულად თვლის, მოქალაქეებს სამინისტროს მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს.

„ასეთი მასშტაბური ღონისძიებების და პრეზენტაციების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, გეგმის ნაწილი რომ არ ყოფილიყო. ეს 5 წუთში არ იგეგმება, გაწერილი იყო კალენდარში. მივყვებით რიტმს იმ კალენდრითა და გეგმით, რაც წლის ბოლომდე იყო დაგეგმილი, რათა საზოგადოებისთვის გაგვეცნო და მეტად ცხადი გაგვეხადა ის, რითი იყო სამინისტრო დაკავებული 2 წლის განმავლობაში, რომ მხოლოდ პანდემიას არ ვმართვადით და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები უყურადღებოდ არ გვრჩებოდა. აქედან გამომდინარე, ჩემს გამოსვლაშიც ვახსენე, როდესაც გადადგომა დავაანონსე, რომ ვალდებულად ვთვლი თავს, როგორც საჯარო პირი, რომ მოქალაქეებს წარვუდგინო ყველა ის ქმედება, რომელიც განხორციელებული იყო სამინისტროს მხრიდან“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება იმას, რატომ არ ესწრებოდა მთავრობის ბოლო სხდომას, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, მისი უწყების საკითხი სხდომაზე არ გადიოდა და მის ნაცვლად მისი მოადგილე დაესწრო.

„ბოლო მთავრობის სხდომაზე ჩვენი საკითხი არ გადიოდა. მზადების პროცესი გვქონდა, შეთანხმებული იყო. ჩემი მოადგილე დაესწრო, რომელიც ასევე ხშირად ესწრება მთავრობის სხდომას. ამაზე ყურადღბა რატომღაც ახლა გამახვილდა. სხვა დროსაც იყო ასეთი რამ და არა მხოლოდ ჩემს შემთხვევაში, არამედ სხვა მინისტრებისაც. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც საჭიროების გამო მინისტრი თავისუფალ დღეს იღებს და მისი მოადგილე ესწრება. ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, რომ პროცესებს საფრთხე არ შეექმნას. სხვა არანირი მიზეზი არაა საძიებელი“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიპუტინი – რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის ჭეშმარიტი ნიმუშია
შემდეგი სტატიამნიშვნელოვანია, სასამართლო სისტემის რეფორმის და მედიის თავისუფლების კუთხით მუშაობა გაიზარდოს – სტოლტენბერგი ღარიბაშვილს