ტიკარაძე – დაწესებულ შეზღუდვები იძლევა საიმედო საფუძველს, რომ აღმავალი ინფექციის გარდატეხა მოხდება

დღეის მდგომარეობით ვმართავთ 48 000-მდე აქტიურ შემთხვევას, ამ აქტიური შემთხვევებიდან 38 000-მდე შემთხვევა იმართება ბინაზე ოჯახის ექიმების მხრიდან და ყოველდღიურ რეჟიმში ხდება გაფრთოება ოჯახის ექიმების ქსელის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, 15 22-ზე აქტიურად ემატება ყოველდღიურ რეჟიმში დაახლოებით 40-მდე ადამიანი, რათა არ იყოს შეფერხება პაციენტების მომსახურებაში.

„მობილიზებული არის 8 000-მდე საწოლი, რაც არის ის ნიშნული, რომელიც ჩვენ შეგვეძლო ჰოსპიტალურ სექტორზე მობილიზება გაგვეკეთებინა და ამ ეტაპისთვის სრულიად საქართველოს მასშტაბით არის თავისუფალი დაახლოებით 500-მდე საწოლი, ეს რიცხვი არის მუდმივად ცვალებადი. როგორც თქვენ იცით, ვინაიდან, ჩვენ ძირითადად ვახერხებთ აქტიურ გაწერებს პაციენტებისა და მომენტალურად ზუსტად ვიცით, რომელი პაციენტი დაიკავებს ამ საწოლს, რათა იყოს მართული ყველა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც დღესდღეობით არის ინფიცირებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, დღეს აჭარაში გაიმართა კლინიკური ჯგუფის შეხვედრა.

„ჩვენ გვექნება შეხვედრები სასტუმროს სექტორთან, ვინაიდან ამოცანა, მიზანი არის, რომ მოხდეს პაციენტების დროული გაწერა კლინიკებიდან და გადაყვანა მათი სასტუმროებში, სადაც განთავსებული არიან ასევე ექიმები. დღესდღეობით აჭარას მობილიზებული სასტუმროს სივრცეებისთვის ჰყავს 200-მდე ექიმი და 300-მდე ექთანი. მნიშვნელოვანი არის, რომ მოხდეს მაქსიმალურად დაჩქარება პაციენტების ბრუნვისა და მსგავსი ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში, რათა არ მოხდეს არც ერთი პაციენტის დატოვება ყურადღების გარეშე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება საველე ჰოსპიტლებს, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ეს არ იქნება კარვის ტიპის საველე ჰოსპიტლები, რადგან მნიშვნელოვანია, როგორც ექიმების, ასევე პაციენტებისთვის შეიქმნას მაქსიმალური კომფორტი და მაქსიმალური უსაფრთხოება.

„დღესდღეობით ჩვენ გვაქვს გარკვეული ლოკაციები, რომლებიც მეტად უფრო შეესაბამებიან ჰოსპიტალური სექტორის მოწყობას და რა თქმა უნდა, ასევე ჩვენ ზუსტად ვიცით, რომელი ექიმთა ჯგუფი თავიანთი მაღალი კვალიფიკაციით შეძლებენ მეტად უფრო დიდი რაოდენობის პაციენტების მართვას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს დაწესებულ შეზღუდვებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იძლევა იმის საიმედო საფუძველს, რომ მოხდება აღმავალი ინფექციის გარდატეხა.

„მნიშვნელოვანია ასევე რეგულაციების აღსრულების კომპონენტის გამკაცრება, შრომითი ინსპექციისა და შსს-ის მხრიდან დაწყებულია ინტენსიური მონიტორინგი, სადაც განხორციელდა როგორც დაჯარიმებები, ასევე ობიექტების დალუქვა. ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება და დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება ძალიან დადებითი დინამიკა ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი – ჩვენი დიდგორის ბრძოლა მოსაგებია, ჩვენი დიდგორი პანდემიასთან ომია
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი – საქართველო დიდი გამოწვევის წინაშეა და გამარჯვების ერთადერთი გასაღები ერთობაშია