ტიკარაძე – აცრების რიცხვი დაკლებულია, რაც სამწუხაროა

ეპიდვითარება არის საყურადღებო. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვაკვირდებით, რომ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის მომატებული, რაც ეტაპობრივად აისახება ნატურალურ რიცხვებში ვირუსის გავრცელებაზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კვლავ მნიშვნელოვნად რჩება როგორც ვაქცინაცია, ასევე ყველა იმ რეგულაციის მკაცრი დაცვა, რომელიც არის მოწოდებული.

ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ვაქცინაციის ტემპმა იკლო, რაც არის სამწუხარო.

„აცრის რიცხვი არის დაკლებული, რაც არის სამწუხარო. ჩვენ სახეზე გვაქვს მასშტაბური კლება. გვაქვს დამატებით საბჭო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის მასშტაბით გუბერნატორები, მერები და მნიშვნელოვანი არის, რომ მოხდეს გააქტიურება ადგილობრივი თვითმმართველობების, ვინაიდან სამინისტრო თავისი არსებული რესურსით იმ საკმარის ინფორმაციას ვერ აწვდის რეგიონებს. ჩვენ მათ მივაწვდით დღეს ინფორმაციას თითოეული რეგიონის ჭრილში და ასევე სოფლის დონეზე, თუ სად არის კრიტიკული მდგომარეობა ვაქცინირებული მოქალაქეების. შემდეგ უკვე, მნიშვნელოვანია, რომ გაიმართოს ყველა ის საველე სამუშაო, რომლის ფარგლებშიც მოიმატებს ვაქცინაციის პროცესი რეგიონებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დოზების სიმცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.

„ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით არაერთი პრობლემა შეიქმნა, ვინაიდან, ჩვენ სახეზე გვქონდა სხვადასხვა ტიპის გართულებები და საქართველოში დაფიქსირებული ის ერთადერთი ლეტალობის შემთხვევა, რომელიც გახმაურებული იყო, ამ ფაქტმა იმოქმედა ვაქცინის პოპულარობაზე და შესაბამისად, დაიკლო ჩვენი მოქალაქეების ნდობამ ვაქცინის მიმართ, ასევე მოთხოვნამაც დაიკლო, რის შედეგადაც, სახელმწიფომ გაითვალისწინა და დამატებითი დოზების შეძენა არ მომხდარა, თუმცა კოვაქს პლატფორმიდან მიღებული ის არსებული დოზები, რომელიც ჩვენ გვქონდა „ასტრაზენეკასი“, მაქსიმალურად მოხერხდა და ასაკის ჭრილში დაიხარჯა. თუმცა ასევე, ის პოპულარული ვაქცინები, რომელიც ჩვენი მოსახლეობიდან მეტად მოთხოვნადი იყო, რა თქმა უნდა, ამან განაპირობა ის, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გარკვეული დოზები არ დაიხმარეს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება ბავშვებს, ტიკარაძის თქმით, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, ჩვენების მიხედვით, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები, აცრა დღესაც დაშვებულია.

„სხვა ბავშვებთან მიმართებაში საბჭო დამატებით მიიღებს გადაწყვეტილებას. ჯერ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაში„შემიძლია სუნთქვა“ – ნანგრევებს შორის მოყოლილი პირი კონტაქტზე გამოვიდა
შემდეგი სტატიაიოსელიანი – „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ აქციას არ შევუერთდებით