საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ცნობით, ივანიშვილის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, გიორგი ჯაფარიძის კომპანიამ 2018 წლიდან დღემდე, სახელმწიფო შესყიდვებით, 10.4 მილიონ ლარზე მეტის ტენდერები მოიგო.
“პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, გიორგი ჯაფარიძის თანამფლობელობაში არსებულმა კომპანიამ, შპს ექსპერტ ჰაუსმა 2018 წლიდან დღემდე, სახელმწიფო შესყიდვებით, 10 მილიონ 446 411 ლარი მიიღო. ამ ხნის განმავლობაში მან 24 ტენდერში გაიმარჯვა და 8 გამარტივებული შესყიდვა გააფორმა. ბოლო, 990 000 ლარის ღირებულების ტენდერი კომპანიამ მესტიის მუნიციპალიტეტისგან 2026 წლის აპრილში მიიღო” – წერს TI.
ორგანიზაციის ცნობით, ჯაფარიძის შვილი კომპანიის 43%-იან წილს ფლობს და მისი ძირითადი საქმიანობაა, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობა გაუწიოს.
“შპს ექსპერტ ჰაუსის ძირითადი საქმიანობაა, ზედამხედველობა გაუწიოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ასევე სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული რომელიმე კომპანია მოიგებს სამშენებლო ტენდერს და მის მიერ გაწეული სამუშაოს კეთილსინდისიერებას შეამოწმებს და კონკრეტულ მუნიციპალიტეტს დაუდასტურებს გიორგი ჯაფარიძის კომპანია ექსპერტ ჰაუსი.
შპს ექსპერტ ჰაუსი 2016 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. გიორგი ჯაფარიძე მის 43%-იან წილს ფლობს, 5% წილის მფლობელია მურად ჯობავა, 20% წილს ირაკლი ქელბაქიანი ფლობს, 32% წილის მფლობელი და დირექტორი კი კახაბერ გამისონიაა. აღსანიშნავია, რომ ექსპერტ ჰაუსის 43% წილს წარსულში ვიქტორ ჯაფარიძის უფროსი ვაჟი, ოთარ ჯაფარიძე ფლობდა, რომელმაც ეს წილი თავის ძმას 2023 წლის მარტში 300 000 ლარად მიჰყიდა”. – წერია TI-ს განცხადებაში.
TI-ს ცნობით, კომპანიის დირექტორი, კახაბერ გამისონია და ერთ-ერთი მეწილე, მურად ჯობავა ქართული ოცნების შემომწირველებიც არიან.
“კახაბერ გამისონიამ 2014 წელს 15 000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას, მურად ჯობავამ კი 2014-2017 წლებში 47 000 ლარი”. – წერს TI.
ორგანიზაციის განცხადებით, ზემოაღნიშნული გარემოებები და შპს ექსპერტ ჰაუსის პირდაპირი კავშირები ქართულ ოცნებასთან, სახელმწიფო შესყიდვებში კომპანიის ჩართულობის კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს და მათივე თქმით, ეს მიუკერძოებელ და ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს.
ვიქტორ ჯაფარიძე ამჟამად ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წევრია. ის წინა 2 მოწვევის პარლამენტშიც ქართული ოცნების დეპუტატი იყო.


















