TI: ივანიშვილის დაგეგმილ პროექტებში ჩართული კომპანია მილიონიან ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების შემწირველმა სამშენებლო კომპანია არალმა 2011-2021 წლებში 181, 923, 427 ლარის ოდენობის ტენდერები მოიგო, აქედან 25,816,009 ლარი (ტენდერებიდან მიღებული საერთო თანხის 14,1%) უკონკურენტოდ, ხოლო 17,447,628 ლარი (9,5 %) – მისი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე.

“შპს არალისთვის ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა ათეულობით მილიონი ლარით გაიზარდა 2018 წლის აგვისტოდან, როცა კომპანიის მესაკუთრემ ოთარ თათეშვილმა აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილს საკუთარი სახლის ასაშენებლად 450 კვ.მ. მიწა მიჰყიდა. თუ მანამდე 7 წელში ტენდერებით ჯამურად 51,585,275 ლარი ჰქონდა მიღებული, მომდევნო ორწელიწადნახევარში მოგებული ტენდერებით ხელშეკრულებები 125, 454, 712 ლარზე (ჯამში ტენდერებით მიღებული შემოსავლების 68,9 %) გაუფორმდა. ამ გარიგებიდან ზუსტად 10 დღეში, აბასთუმანში, აუქციონზე უკონკურენტოდ ნაყიდი, ნახევრად ტყით დაფარული, ორი მიწის ნაკვეთი, ჯამში 3 883 კვ.მ. ფართობი, ოთარ თათეშვილის შვილმა, დემეტრე თათეშვილმა გაიფორმა. მოგვიანებით, 2020 წლის აგვისტოში, დემეტრე თათეშვილმა ორივე მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უკან დაუბრუნა. სანაცვლოდ, ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღო 4 660 კვ.მ. მიწა, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესაზღვრება და ბიძინა ივანიშვილის მშენებარე სასტუმრო პარაგრაფ მერიოტთან ახლოს მდებარეობს”. – ნათქვამია TI-ის განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, 2018 წლის ზაფხულიდან, მას შემდეგ რაც აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილმა თათეშვილებისგან მიწა იყიდა, შპს არალი აბასთუმანში, ფონდ ქართუს მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებაში აქტიურად ჩაერთო. მან ააშენა აბასთუმნის ფილტვის ცენტრი და კორპუსი ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. ასევე შპს არალი აქტიურად იყო ჩართული სანატორიუმების ზეკარისა და ცისარტყელას ადგილებზე ბიძინა ივანიშვილის სასტუმროების მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებში.

“აღსანიშნავია, რომ შპს არალის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შესახებ რეგიონული მედია ხშირად წერს. კომპანიის მიერ დაგებული გზები მალევე დაზიანდა სოფელ ივლიტაში, ჭვინთაში, ბავრაში. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ შემსყიდველები თათეშვილის კომპანიას სამუშაოების ჩაბარების ვადას ხშირად უხანგრძლივებენ – 116 ხელშეკრულებიდან ასეთი 22-ია”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

TI-ის ინფორმაციით, შპს არალი ქართულ ოცნების შემწირველია, კომპანიამ 2017 წლის აგვისტოში მმართველ პარტიას 40,000 ლარი შესწირა. ასევე, ოთარ თათეშვილმა 2012 წლის ივლისში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 60,000 ლარი გადაურიცხა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს არალის სახელმწიფო შესყიდვები და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს მასსა და შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის.

banner
წინა სტატიაშიხოჯევანიშვილი კობახიძეს: რა თქმა უნდა, გახარიასი ეშინიათ!
შემდეგი სტატია“თქვენ შეგზღუდათ მამაზეციერმა!” – გირჩი – მეტი თავისუფლება კომენდანტის საათს აპროტესტებს