TI-გიორგი ოკმელაშვილის საქმე “გამოძიებულია სამ დღეში”; ჯერ მიიღეს მისი დაკავების გადაწყვეტილება და შემდეგ დაიწყეს მტკიცებულებების შეგროვება

საგამოძიებო ორგანოებმა ჯერ მიიღეს გიორგი ოკმელაშვილის დაკავების გადაწყვეტილება და შემდგომ დაიწყეს მტკიცებულებების შეგროვება მის წინააღმდეგ – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” განცხადებაში რეჟიმის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე. ორგანიზაციამ შეისწავლა ოკმელაშვილის ბრალდების საქმე და აღნიშნავს, რომ “სისხლის სამართლის საქმე გამოძიებულია დაჩქარებულად, ფაქტობრივად სამ დღეში”.

გამოძიებას კი აწარმოებდა უპრეცედენტოდ ბევრი – 15 გამომძიებელი (ამ რაოდენობის გამომძიებელი, როგორც წესი, ჩართულია მრავალეპიზოდიანი ან/და ორგანიზებული დანაშაულის გამოძიების საქმეებში) და სამ დღეში ჩატარებულია 60-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

გიორგი ოკმელაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2024 წლის 15 მაისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 – მუხლის პირველი ნაწილის ბრალდებით დააკავეს. მას 13 მაისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

16 მაისს პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილისა (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილის (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის) ბრალდებით.

2025 წლის 3 თებერვალს, გიორგი ოკმელაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება მას მოეხსნა საქმის სასამართლო განხილვის დროს, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

TI წერს, რომ საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც მიმდინარეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში, მასიურად ჩატარებულია სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის გვერდის ავლით (გამოძიება საქართველოში იწარმოება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში, სადაც რთულია წარმოებული დოკუმენტების გადაკეთება/თარიღის ჩასწორება). გამოძიების ძველი მეთოდით (ქაღალდზე) წარმოება, იძლევა გამოძიების ფალსიფიცირების მეტ შესაძლებლობას. ასეთი გამონაკლისები, როგორც წესი დაშვებულია მაშინ, როცა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ოქმებში მითითებული თარიღები და საათები არ ასახავს რეალურ დროს.

,,დაზარალებულმა“ პოლიციის თანამშრომელმა საგამოძიებო ორგანოს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ აცნობა არა დაუყოვნებლივ, არამედ მეორე დღეს, 14 მაისს. პოლიციის თანამშრომელი წერილობითი განცხადებაში აღნიშნავს, რომ 13 მაისს, დილის საათებში, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ იდაყვი დაარტყა სახის არეში.

,,დაზარალებული“ პოლიციელის საგამოძიებო ორგანოსთვის მიმართვის დროისთვის საგამოძიებო ორგანოს უკვე ჩატარებული ჰქონდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება და გიორგი ოკმელაშვილის ფოტოები ამოცნობის მიზნით გაგზავნილი ჰქონდა შს სამინისტროს ყველა ტერიტორიულ ორგანოში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ჩიკვაიძის დედა – მდგომარეობა მძიმეა
შემდეგი სტატიაCPJ “FARA-ს” კანონის მეორე მოსმენით მიღებას გმობს