TI ბაჩიაშვილის საქმეზე: საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლებოდა ყოფილიყო სამოქალაქო დავის საგანი

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმის მიმდინარეობა შეისწავლა. ორგანიზაციის განცხადებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორისთვის წარდგენილი ბრალდება როგორც იურიდიულ ისე ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია.

TI-ის შეფასებით, აქამდე წარმოებული არცერთი სისხლის სამართლის საქმე “არ ასახავს ივანიშვილის კერძო და პირად ფულად ინტერესს ასე მკაფიოდ და დაუფარავად, როგორც ბაჩიაშვილის საქმე”.

“მთავარი კითხვა, რომელიც ამ საქმეში ღიად რჩება, არის ის, წარმოადგენდა თუ არა ბაჩიაშვილის კომპანიისთვის „ქართუ ბანკის“ მიერ გაცემული 5 მილიონი აშშ დოლარის სესხი ივანიშვილის „ინვესტიციას“ ბიტკოინებში, რომლის სანაცვლოდაც ბაჩიაშვილი ვალდებული იყო ივანიშვილისთვის გადაეცა ამ თანხის პროპორციულად გამომუშავებული ბიტკოინები. შემდეგი გარემოებები მიუთითებს, რომ ეს ასე არ არის ან, ყოველ შემთხვევაში, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით დაარწმუნებდა „ობიექტურ დამკვირვებელს“, რომ ივანიშვილს მართლაც ჰქონდა განხორციელებული ინვესტიცია”. – წერს ორგანიზაცია.

TI-ის განცხადებით:

  1. საქმეში არ არის ინვესტიციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება;
  2. ივანიშვილის „ინვესტიციის“ შესახებ მიუთითებენ მხოლოდ თვითონ ივანიშვილი და მისი „ხელქვეითები“;
  3. ბაჩიაშვილის კომპანიისათვის სესხად გაცემული 5 მილიონი აშშ დოლარი ივანიშვილის საკუთრება არ იყო და ვერ იქნებოდა;
  4. არ არსებობს „მითვისების“ და „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის“ შემადგენლობა;
  5. საუკეთესო შემთხვევაში ბრალდების მიერ მითითებული გარემოებები შეიძლებოდა ყოფილიყო სამოქალაქო დავის საგანი;

ორგანიზაცია მიმოიხილავს საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის პროცესს, მათი შეფასებით, არ არსებობდა ივანიშვილის დისტანციურად დაკითხვის აუცილებლობა.

“სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში ყურადღება მიიპყრო ორმა გარემოებამ, რომლებიც შესაძლოა ბრალდების სასარგებლოდ სასამართლოს მიკერძოებულობაზე მიუთითებდეს.

ერთია ის, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა და თავად ივანიშვილისა და ბრალდების კიდევ ორი მოწმის – „ქართუ ბანკის“ წარმომადგენლების, ნატო ხაინდრავას და დავით გალუაშვილის დაკითხვის მიზნებისთვის დახურა სხდომა. მეორეა ის, რომ სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა და „დაზარალებული“ ივანიშვილი, რომელიც ბრალდების ერთადერთი პირდაპირი მოწმეა, დისტანციურად დაკითხა, ნაცვლად იმისა, რომ იგი გამოცხადებულიყო სასამართლოში და მიეცა ჩვენება ისევე, როგორც ყველა სხვა მოწმემ მისცა ჩვენება.

პირველი შუამდგომლობის მიზეზად „ქართუ ბანკის“ და ივანიშვილის „კომერციული საიდუმლოების“ დაცვის აუცილებლობა იქნა დასახელებული. ხოლო, მეორის საფუძვლად მითითებულ იქნა ივანიშვილის ასაკი და, აგრეთვე, უსაფრთხოება, რომელიც თურმე, სასამართლოში მისი გამოცხადების შემთხვევაში უზრუნველყოფილი ვერ იქნებოდა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ორივე ასეთი შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველს. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ“ „პერსონალური მონაცემების, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით.“ იმავე კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, „მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოწმის დისტანციური დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით იმავე ან სხვა სასამართლოდან ან სხვა ადგილიდან, რაც წინასწარ ეცნობება მხარეებს.“

ორივე მითითებული ნორმა არღვევვს სამართლიან ბალანსს ბრალდებულის უფლებებსა და მოწმის საიდუმლოებისა და უსაფრთხოების ინტერესებს შორის და სასამართლოს ანიჭებს პრაქტიკულად სრულ დისკრეციას იმისათვის, რომ სხდომის დახურვის და მოწმის დისტანციურად დაკითხვის შესახებ გადაწყვეტილებების მხოლოდ საკუთარი მიხედულების შესაბამისად მიიღოს. ამით კი, შესაძლებელია თვითნებურად იქნეს დარღვეული ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლების – სამართლიანი სასამართლოს უფლების ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები, როგორებიცაა, საქმის საქვეყნოდ განხილვის უფლება და ბრალდებულის უფლება, ეფექტური მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესში”. – წერს TI.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს სრული განცხადება იხილეთ ბმულზე.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრმა მოადგილის თანამდებობაზე გიორგი დგებუაძე დანიშნა
შემდეგი სტატიამოქალაქეებმა ახალი მემარცხენე პოლიტიკური მოძრაობა, სოციალური დემოკრატიისთვის დააფუძნეს