TI აქციაზე: პოლიციის ქმედებები შეკრების უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო ცესკო-სთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ აქციაზე, სადაც ადამიანების მცირე რაოდენობა იდგა, სამართალდამცველებმა სათანადო საფუძვლისა და გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლი გამოიყენეს. TI-ში აცხადებენ, რომ პოლიციის ქმედებები, შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს.

“კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია იძულების პროპორციული ღონისძიებების გამოყენება და ისიც იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას. ფიზიკური ძალის ან სპეციალური საშუალებების გამოყენების წინ პოლიცია ვალდებულია გააფრთხილოს პირები და მათ მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. თავის მხრივ, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება დასაშვებია წესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, პოლიციელებზე ან სახელმწიფო ობიექტებზე მასობრივი და ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად. იმ ფონზე, როდესაც გამოჩნდა კრიზისული სიტუაციიდან მოლაპარაკებებით გამოსვლის პერსპექტივა და ოპოზიციამ გარკვეული მოთხოვნების შესრულების პირობით მოლაპარაკებების დაწყებაზე მზაობა განაცხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ იმოქმედოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით. აქციის მონაწილეებს, რომლებსაც პროტესტის გამოხატვის ლეგიტიმური საფუძველი აქვთ, უნდა მიეცეთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭირვალობაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ამ პროცესში უნდა იმოქმედოს კანონის სრული დაცვით, ხოლო აღნიშნულ სიტუაციაში ყველას ვალდებულებაა შეინარჩუნოს სიმშვიდე და არ დაამძიმოს ისედაც კრიზისული სიტუაცია.

banner
წინა სტატიაშიკახაბერ საბანაძე – გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, პოლიციას აქვს უფლება, ჭავლის სპეციალური საშუალება გამოიყენოს
შემდეგი სტატია“აქციის ორგანიზატორებმა, მას შემდეგ, რაც აქცია ჩაუფლავდათ, გადაინაცვლეს ცესკო-სთან, სადაც ასევე არ გაითვალისწინეს უცხოელი პარტნიორების მოწოდება, პროტესტი მშვიდობიანი გზით გამოეხეტათ”