15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

TI – 2026 წლის პირველ ოთხ თვეში ორგანიზაციამ ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის თავდასხმის, ძალადობის, მუქარისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 60 შემთხვევა აღნუსხა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის პირველ ოთხ თვეში ორგანიზაციამ ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის თავდასხმის, ძალადობის, მუქარისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 60 შემთხვევა აღნუსხა.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების აბსოლუტური უმრავლესობა გამოუძიებელია და დამნაშავე პირები პასუხისგებაში არ არიან მიცემულნი.

„ქართული დამოუკიდებელი მედია გადარჩენისთვის უწყვეტი ბრძოლითა და შეუდრეკელი წინააღმდეგობით ხვდება მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, 3 მაისს. აღსანიშნავია, რომ 2026 წელი პრეცედენტული წელი აღმოჩნდა ქართული მედიისთვის იმ მხრივ, რომ ისტორიაში პირველად, დიდმა ბრიტანეთმა ორი მთავარი პროპაგანდისტული პროსამთავრობო ტელევიზია: „იმედი“ და „პოსტვ“ დაასანქცირა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის.

უამრავი გამოწვევის, მწირი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მათი გაჩუმების არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, ქართული კრიტიკული მედია არ ეპუება რეჟიმის მიერ შექმნილ რეპრესიულ გარემოს და კვლავაც აქტიურად ასრულებს მის მთავარ მოვალეობას – საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას.

კრიტიკული მედიის მიმართ წნეხს ნათლად წარმოაჩენს ბოლო წლების საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის თავდასხმის, ძალადობის, მუქარისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ასობით შემთხვევას აღწერს და ინახავს. ამ მხრივ გამონაკლისი არც 2026 წლის პირველი ოთხი თვე აღმოჩნდა. საანგარიშო პერიოდში (იანვარი-აპრილის ჩათვლით) „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 60-მდე ასეთი შემთხვევა აღნუსხა. ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების აბსოლუტური უმრავლესობა გამოუძიებელია და დამნაშავე პირები პასუხისგებაში არ არიან მიცემულნი. დამნაშავეთა დაუსჯელობის დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა ამგვარ შემთხვევებს კიდევ უფრო ახალისებს და ჟურნალისტურ საქმიანობას სულ უფრო მოწყვლადს ხდის.

ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიისთვის საგანგაშოდ რთულ სამუშაო გარემოს წარმოაჩენს ჟურნალისტების უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”-ს (RSF) მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც, პრესის თავისუფლების გლობალური ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი 21 პოზიციით გაუარესდა და 180 ქვეყანას შორის 135-ე ადგილზე დაქვეითდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ჟურნალისტებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის შემთხვევებიდან სამი ძირითადი კატეგორია გამოყო, რომლებიც ყველაზე მკაფიოდ წარმოაჩენენ იმ მტრულ გარემოს, რომელშიც კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს უწევთ პროფესიული მოვალეობის შესრულება. ესენია: მუქარა, ფიზიკური თავდასხმა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა; სასამართლო და სამართალდამცველი სისტემა მედიის წინააღმდეგ; კომუნიკაციების კომისია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. სხვა ტიპის ხელშეშლის შემთხვევები რაოდენობრივად საერთო რიცხვშია ასახული.

შემაშფოთებელია „ქართული ოცნების“ მხრიდან სასამართლო და სამართალდამცველი სისტემების დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გამოყენების მავნე პრაქტიკა, რომელიც ბოლო წლების საგანგაშო ტენდენციად ჩამოყალიბდა და კრიტიკული ხმის ჩახშობის აქტიურ ინსტრუმენტად იქცა. ამ მხრივ ყველაზე თვალსაჩინო ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ე.წ. გზის გადაკეტვის საბაბით ადმინისტრაციული საქმეების წარმოების დაწყება, დაჯარიმება და მათი ანგარიშების დაყადაღებაა. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი შემთხვევების დიდი ნაწილი, საბოლოოდ, სასამართლოს მიერ საქმეების შეწყვეტით სრულდება, ის მედიის წარმომადგენლების დაშინების და ზეწოლის მცდელობად უნდა განვიხილოთ, რადგანაც მათი საბოლოო მიზანი ჟურნალისტებში თვითცენზურის ჩამოყალიბება და ე.წ. „შემაკავებელი ეფექტის“ (Chilling effect) გაღვიძებაა“,– ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე თქმით, კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის დევნისა და გაჩუმების კიდევ ერთ იარაღად არის გამოყენებული.

„ამ მიმართულებით საფრთხე კიდევ უფრო გამძაფრდა, რაც გასული წლის აპრილში, კომისიას მაუწყებლების შინაარსობრივი რეგულირების ბერკეტი გადაეცა, რომლის გამოყენებაც მარეგულირებელმა აქტიურად დაიწყო 2026 წლის 2 აპრილს მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ორი პროპაგნადისტული პროსამთავრობო ტელევიზია „იმედი“ და „პოსტვ“ დაასანქცირა რუსული პროპაგანდის გავრცელებისა და მხარდაჭერის გამო. კომისიამ კრიტიკული მაუწყებლების „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ გადაცემები შერჩევითად დაამონიტორინგა და მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა შემდეგი ტერმინების გამოყენებისთვის: „რეჟიმი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოლიგარქის გუნდი“, „ოცნების მთავრობა“, „ივანიშვილის პრემიერმინისტრი“, „ივანიშვილის დეპუტატი“, „ქართული ოცნების პოლიცია“, „ე.წ. განათლების რეფორმა“, „აქტივისტებზე ნადირობის ღამე“ და სხვა. კომისიის მიერ ყოველი შემდგომი ასეთი „დარღვევის“ შემთხვევაში, ტელევიზიები ფინანსური სანქციების დაწესების, ასევე მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერება/შეწყვეტის საფრთხის წინაშე დგებიან. ამასთან, კომისიის ეს გადაწყვეტილება საგანგაშო პრეცედენტს ქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით და აწესებს პირდაპირ ცენზურას. კიდევ უფრო ადრე, 22 იანვარს, კომისიამ რეგიონული სათემო „რადიო მარნეული“ ამერიკის „დემოკრატიის ეროვნული ფონდიდან“ (NED) მიღებული გრანტის (32 541.60 ლარის ოდენობით) გამო წერილობით გააფრთხილა. 16 თებერვალს კომისიამ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო ტელეკომპანია „კავკასიისთვის“ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაკეთებული შემოწირულების გამოც.

ზემოთ განხილულ შემთხვევებს თან სდევს სისტემური სიტყვიერი თავდასხმები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკულ მედიაზე და მათივე პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მიერ მუდმივი დისკრედიტაციის კამპანია, რომლებიც კრიტიკულ მედიებს სხვადასხვა დამაკნინებელი ეპითეტებით მოიხსენიებენ და საზოგადოებაში უნდობლობის გაღვივების მიზნით, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის „ყალბ ამბებად“ ფუთავენ. მთლიანობაში, სხვა არადემოკრატიული რეჟიმების მსგავსად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ სხვადასხვა ფორმით გამოცხადებული ბრძოლის მთავარი მიზანი ქვეყანაში დამოუკიდებელი, თავისუფალი და ალტერნატიული ხმების ჩახშობა, საბოლოო გაქრობა და ქვეყანაში ცენზურის დაწესებაა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში2 მაისიდან 6 მაისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება
შემდეგი სტატიააბას არაღჩი: აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ომი 100 მილიონი დოლარი დაუჯდა