“თვითმკვლელობა არა, ეს განზრახ მკვლელობაა”

ნათია კორკოტაძე

advokatiპროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავას ადვოკატი ნათია კორკოტაძე ამბობს, რომ კუჭავას თავი არ მოუკლავს. “თვითმკვლელობა არა, ეს განზრახ მკვლელობაა”, – ამბობს ის. ადვოკატის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კუჭავას თითი დაზიანებული ჰქონდა, ვერ ჩაიცვამდა “კარგად მოჭერილ” ფეხსაცმელს და სახლიდან ისე ვერ წავიდოდა.

“გამოვრიცხავთ თვითმკვლელობას. ეს არის განზრახ მკვლელობა. ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა უკვე დაათვალიერა ცხედარი. მეუღლე ამბობს, რომ ნახევარი საათით ადრე 16 იანვარს ბიძინა კუჭავას დაურეკეს და ის სახლიდან შარვალ-კოსტუმით გავიდა. მოჭერილი ფეხსაცმელი ეცვა და თუ ფეხზე დაზიანება ჰქონდა, ის ასეთი ტიპის ფეხსაცმელს ვერ ჩაიცვამდა”, – ამბობს ადვოკატი.

შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე კი ამბობს, რომ უკვე დადგენილია, რომ სწორედ ბიძინა კუჭავა არის პროკურორ ვახტანგ ქირიას “მკვლელი”.

“მკვლელი დადგენილია. არსებობს გამოძიების მიერ მოპოვებული საკმარისი მტკიცებულებები და იდენტიფიცირებული, რაც ადასტურებს, რომ სწორედ ბიძინა კუჭავამ მოკლა პროკურორი ვახტანგ ქირია, მაღალი ალბათობით, მკვლელმა ბიძინა კუჭავამ ძველით ახალი წლის ხმაურს დაამთხვია მისი მკვლელობა”, – განმარტა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, ბიძინა კუჭავამ გვამი ჩამოკიდა, რათა ის სისხლისგან დაცლილიყო და დაიწყო მისი დანაწევრება, რა დროსაც ელექტროხერხით ფეხის თითი დაიზიანა.

პროკურატურამ დღეს ბიძინა კუჭავას საქმეზე მიმდინარე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში ოფიციალურად ჩართო ბიძინა კუჭავას ოჯახის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია მოკლული 16 იანვარს იპოვეს. ის რამდენიმე დღის განმავლობაში დაკარგული იყო. შსს მკვლელობაში ბიძინა კუჭავას ადანაშაულებს, რომელმაც უწყების ვერსიით, მომხდარის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ლეიბორისტული პარტიის სპეციალური განცხადება
შემდეგი სტატიააფხაზეთში თურქული პროდუქტი 1 მარტიდან აიკრძალება