თვალსაჩინოა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ახორციელებს – ბითაძე

„ქართული ოცნების“ წევრის მაია ბითაძის განცხადებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან არავითარი ანტიდასავლური კამპანია არ მიმდინარეობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ანტიდასავლური თუ ანტისახელმიფოებრივი კამპანია ოპოზიციის რადიკალური ფრთიდან ხორციელდება.

„არანაირი ანტიდასავლური კამპანია არ არსებობს, გარდა იმ ნარატივისა, რომელიც ჩვენ რადიკალური ოპოზიციისა და ზოგიერთი მედიასაშუალებიდან გვესმის. ძალიან მკაფიოდ მახსოვს ზუსტად ანტიდასავლური კამპანია, როდესაც პირდაპირი ეთერის მეშვეობით საკმაოდ მკაცრად გააკრიტიკეს პრაქტიკულად, მთელი დიპლომატიური კორპუსი, მათ შორის აშშ-ის ელჩი. ანტიდასავლური თუ ანტისახელმიფოებრივი კამპანია, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს რადიკალური ოპოზიციის ხელმძღვანელობით, პრაქტიკულად 2 წელია გრძელდება, რამაც ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესები სერიოზულად დააზიანა. ამას აუცილებლად პასუხი გაეცემა მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის მხრიდან და ისტორია არ დაივიწყებს. გლობალური და დროის მასშტაბიდან გამომდინარე, ძალიან თვალსაჩინოა ის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ახორციელებს.

რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა უფლება საქართველოს მოქალაქეს, გამოთქვას თავისი აზრი, სადაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად რაიმე კრიტიკა ან უკმაყოფილება ისმოდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი, აზრის თავისუფლებაა ამ ქვეყანაში, როგორც მედიას აქვს თავისუფლება, ისევე აქვს რიგით მოქალაქეს აზრის გამოხატვის თავისუფლება“,-განაცხადა ბითაძემ.

banner
წინა სტატიაშიმოვემზადოთ რუსული გაზის სრული გათიშვისთვის, დღეს ეს ყველაზე სავარაუდო ვარიანტია – საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი
შემდეგი სტატიასააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ შეუძლია – ადვოკატი