„თვალავაძე ბრალდებულია და განაჩენს სასამართლო დაადგენს“ – ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება სააფთიაქო ნარკომანიაზე

დიდი იმედი გვაქვს, გამოძიება სრულყოფილად და უმოკლეს ვადებში დაადგენს სრულ სურათს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს საბოლოოდ დავამარცხოთ სააფთიაქო ნარკომანია, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა სოფო ჭუმბურიძემ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის გია თვალავაძის დაკავების თაობაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჭუმბურიძის თქმით, ქვეყნისთვის სააფთიაქო ნარკომპანია მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

„საქართველოს მთავრობა კომპლექსურ ღონისძიებებს მიმართავს სააფთიაქო ნარკომანიის აღმოსაფხვრელად. დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელს ბრალი წაუყენეს სხვადასხვა აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე, არაეფექტური სისტემური რეაგირების გამო. დიდი იმედი გვაქვს გამოძიება სრულყოფილად და უმოკლეს ვადებში დაადგენს სრულ სურათს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს საბოლოოდ დავამარცხოთ სააფთიაქო ნარკომანია. რაც შეეხება სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელს, გია თვალავაძეს, ის ამ ეტაპზე ბრალდებულია და საბოლოო განაჩენს უკვე სასამართლო დაადგენს“, – განაცხადა სოფო ჭუმბურიძემ.

სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.

გამოძიების ინფორმაციით, თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია, თავის მხრივ კი სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძე არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომელიც შეეხებოდა აღნიშნული აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მისცეს 20 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატია(video) ზურაბიშვილს მეუფე იობიც დაუპირისპირდა