თუთბერიძე: სააკაშვილი არის მზად, ნებისმიერ დროს მიიღოს ჟურნალისტები პალატაში კამერების თანდასწრებით

ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის თავს სუსტად გრძნობს.

„მიხეილ სააკაშვილი იმავე მდგომარეობაშია, როგორც გუშინ. სუსტად გრძნობს თავს. საკვებს კვლავინდებურად ვერ იღებს და მითხრეს, რომ ვერ იღებს სრულად. წონაში დაიკლო. მისი გზავნილები არის მკაფიო და მარტივი, რაც ვფიქრობ, ყველასთვის მისაღები უნდა იყოს, როგორც შეთავაზებები. პირველ რიგში, თუ ვინმე არსებობს ქვეყანაში და ეჭვი ეპარება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამატებით მონიტორინგს საჭიროებს, დაცვის მხარე იყო მხარე, რომელიც მუდმივად ითხოვდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი ჩართულიყო. სახელმწიფო იყო მხარე, რომელიც ამას კეტავდა და ექიმებსაც არ უშვებდა მასთან.

დღეს მიხეილ სააკაშვილი არის მზად, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი რაოდენობის ჟურნალისტები მიიღოს პალატაში საჯაროდ, კამერების თანდასწრებით, რათა ეჭვი გაქრეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, თითქოს რაღაც მისტიკური ინსიმულაციები ხდება და საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა იხილოთ მისი მდგომარეობა. ფიზიკურად უფრო არის სუსტად. გადაადგილებისთვის არ ჰყოფნის ენერგია. გუშინდელთან შედარებით მეტყველება გაუარესებულია“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

შოთა თუთბერიძემ მიხეილ სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას საქართველოში ჩამოსვლის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილთან შეხვედრის დაორგანიზებას შეეცდებიან.

„ის დღეს გამოეხმაურა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. გამოეხმაურა თემურ ალასანიას ჩამოსვლას. სააკაშვილი აღნიშნავს და ჩემი პოზიციაც ესაა, რომ მასკარადია, რასაც ხელისუფლება მართავს, ვითომ იძიებს, ვინ აყურადებდა ბატონ თემურის საუბარს და 2018 წელს დაწყებული გამოძიების გაგრძელება სურთ. ეს არის სასაცილო. საქმე აღძრულია არა თემურ ალასანიას წინააღმდეგ, არამედ თემურ ალასანიას წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ვიღაც მათ უსმენდა უკანონოდ. ჩემთვის გაუგებარია, საქართველოს ხელისუფლების გარდა, ვინ უსმენდა მიხეილ სააკაშვილს და თემურ ალასანიას. დარწმუნებული ვარ, ეს გამოძიება არის მასკარადი და ფარსი. დაკითხვაზე არ დაუბარებიათ, მაგრამ მოსალოდნელია. მიხეილ სააკაშვილს აქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, თემურ ალასანია გამოკითხვაზე დაიბარონ. მეც მაქვს ეს ეჭვი. შევეცდებით, სააკაშვილის ბიძასთან შეხვედრა დავაორგანიზოთ“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი 11 იანვარს მხარეების რეპლიკებით განახლდება
შემდეგი სტატია17 მაისის საქმეზე სტრასბურგმა საქართველოს €193 500-ის გადახდა დააკისრა