თურქული მედია – სტამბოლის აეროპორტში ტერაქტში მონაწილე ერთ-ერთი თვითმკვლელი სავარაუდოდ ჩეჩენია

სტამბოლის აეროპორტზე თავადსხმაში მონაწილე ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტი სავარაუდოდ ჩეჩნეთის მკვიდრია. ამის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet იტყობინება. გამოცემა სავარაუდო თავდამსხმელის სახელსაც ასაჯაროებს – ოსმან ვადინოვი. მედიასაშუალების ცნობით, თურქული სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ ის თურქეთში სირიის ქალაქ რაქადან ჩავიდა. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

ამასთან, კიდევ ერთი თურქული გაზეთი Yeni Safak პოლიციაში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სტამბოლის ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევია, ხოლო თვითმკვლელები დაღესტნის, ყურგიზეთისა და უზბეკეთის მკვიდრნი იყვნენ. გამოცემა წერს, რომ ათათურქის აეროპორტში ტერაქტის მომზადებაში რვა ადამიანი მონაწილეობდა. სამი თვითმკვლელი თავდასხმის უშუალო შემსრულებელი იყო. ორგანიზატორებიდან ერთი დაკავებულია, კიდევ ოთხს ეძებენ.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჰმედ ჩატაევი რუსეთში ექსტრემისტული დაჯგუფების “ისლამური სახელწმიფოს” რიგებში ახალი მებრძოლების გაწევრიანებით არის დაკავებული. წარსულში ჩატაევს ავსტრიამ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა, მოგვიანებით ის თურქეთში დასახლდა. რუსული მედიის ცნობით, ჩატაევი სირიაში ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების რაზმს ხელმძღვანელობდა

ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში ტერაქტს 42 ადამიანი ემსხვერპლა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 239 დაშავებულიდან საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება 128 ადამიანი, მათგან 41 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიპირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა-გავრცელებაში ბრალდებულების პროცესი დაიხურა
შემდეგი სტატიაქუთაისში ენერგოეფექტური სკვერი გაიხსნა