გერმანული სააგენტო DPA-ის ინფორმაციით, თურქეთის სამართალდამცველებმა ანკარაში, სტამბოლსა და სხვა ქალაქებში ჩატარებული რეიდების შედეგად ათობით პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან ჟურნალისტები, მეცნიერები და მემარცხენე პოლიტიკური ჯგუფების წევრები, მათ შორის ხელისუფლებისადმი კრიტიკული გამოცემების, T24-ისა და Oda TV-ის რედაქტორები.
საოპერაციო სამიზნეებს მემარცხენე და სოციალისტური პარტიები, პროფკავშირები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები წარმოადგენდნენ. თურქეთის ჟურნალისტთა ასოციაციამ და პროგრესულ იურისტთა ასოციაციამ დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს და აღნიშნეს, რომ ეს ქმედებები მედიის თავისუფლებას არღვევს.
ადგილობრივი ოპოზიციისა და კრიტიკოსების შეფასებით, რეიდები ნატო-ს მოახლოებული სამიტის წინ საპროტესტო აქციების აღკვეთასა და განსხვავებული აზრის ჩახშობას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, თურქეთის ოფიციალური ხელისუფლება აცხადებს, რომ აღნიშნული დაკავებები მიმდინარე ანტიტერორისტული გამოძიებების ნაწილია.

















