თურქეთში აფხაზური დიასპორები კვლავ აქტიურდებიან

აფხაზურმა დიასპორებმა თურქეთში კვლავ განაახლეს აქტიურობა და ისინი აფხაზურ სათვისტომოთა ფედერაციის დიდი კონგრესისი ჩასატარებლად ემზადებიან.ინფორმაციას ამის შესახებ თავად აფხაზური სათვისტომოები ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზური დიასპორების ფედერაციის გენერალურ ასანმბლეაზე დელეგატების არჩევა უკვე დაწყებულია. როგორც ირკვევა, სათვისტომოები კონგრესში მონაწილე, ხმის უფლების მქონე 400 დელეგატს აირჩევენ თურქეთში მოქმედი აფხაზური დიასპორებიდან.
აღსანიშნავია, რომ აფხაზურმა დიასპორებმა მას შემდეგ განაახლეს აქტიური მუშაობა, რაც რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობა მოიხსნა. ერთ დროს ძალიან აქტიურ აფხაზურ დიასპორებს, რომლებთაც რუსული ფული და დიპლომატიური არხები უმაგრებთ ზურგს, თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებამ და სირიის კონფლიქტში დაპირისპირებამ ხელ-ფეხი შეუკრა, რადგან ამ დაპირისპირების დროს აფხაზეთის დე-ფაქტო სეპარატისტულმა ხელისუფლებამ და მათმა ლიდერმა რაულ ხაჯინბამ, აშკარა პრორუსული და ანტი-ერდოღანისეული პოზიცია დაიკავა. თუმცა მას შემდეგ, რაც ერდოღანმა რუსეთთან ურთიერთობები ,,დაათბო,, აფხაზური დიასპორები თურქეთის მასშტაბით კვლავ გააქტიურდნენ.


1 ივლისს, თურქეთის ყველაზე პროქართულ ქალაქ ბურსაში (ამ ქალაქში 600.000 მდე ეთნკური ქართველი ცხოვრობს) თურქეთის აფხაზურმა სათვისტომომ ჩერქეზთა სათვისტომოს კულტურულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ჩატარების ადგილას ვეებერთელა პლაკატი გამოფინა, სადაც აფხაზი სეპარატისტების დროშა და აფხაზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ მხარდამხარ მებრძოლი ჩერქეზი და აფხაზი ბოევიკების სურათი იყო აღბეჭდილი. პლაკატს თან ახლდა წარწერა თურქულ ენაზე ,,”BİRİZ, BERABERİZ, KARDEŞİZ” – ,,ერთნი ვართ, ერთად ვართ, ძმები ვართ,,
იმავე ივლისის თვის ბოლოს, თურქეთის ქალაქ ესკიშეჰირში, ამ ქალაქის აფხაზურმა სათვისტომომ აფხაზ სეპარატისთა ,,დროშის დღე,, მასშტაბურად აღნიშნა… აფხაზურმა სათვისტომომ, ამ ე.წ. საზეიმო ღონისძიებიდან 3,5 საათიანი პირდაპირი ინტერნეტ მაუწყებლობისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ტელევიზიაში პირდაპირი ჩართვის უზრუნველყოფა შესძლო.


როგორც ადრე განვაცხადეთ, აფხაზებს კარგად ესმით თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თურქეთთან ურთიერთობა და ამ ქვეყნის კეთილგანწყობა იმ არაღიარებული რეგიონისთვის, რომელსაც შავ ზღვაზე რუსეთის გარდა სხვა მეგობარი ქვეყანა არ ყავს, ამიტომაც აფხაზურ დე-ფაქტო ხელისუფლებას სწორი სტრატეგია აქვს არჩეული… ისინი, თურქეთის უმაღლეს ხელისუფლებას პირდაპირ ნაკლებად ეკონტაქტებიან, რადგან იციან, რომ ეს კონტაქტები მათ უხერხულობას შეუქმნის… სამაგიეროდ მათ უშუალო და ინტენსიური ურთიერთობა აქვთ საკუთარ დიასპორის წევრებთან და მათი მეშვეობით გადიან თურქულ საზოგადოებაზე, საშუალო და ქვედა დონის პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე. აღსანიშნავია, რომ აფხაზური დიასპორის ზოგიერთი წარმომადგენელი, თურქეთის რამდენიმე ქალაქისა და ოლქის ადგილობრივ ხელისუფლებაში საკმაოდ მაღალ პოსტებს ფლობს, რასაც აფხაზეტის დე-ფაქტო ხელისუფლება მაქსიმალურად და მოხერხებულად იყენებს და რასაც ვერ ვიტყვით საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც ქართულ სათვისტომოებს და თურქეთში წონად ეთნიკურ ქართველებს, რომლებიც ყველანაირი დათვლით აფხაზებზე 10-ჯერ მეტნი არიან, ვერანაირად ვერ იყენებს სეპარატისთა ინტერესების საწინააღმდეგოდ.


ყველაზე მთავარი კი, რასაც აფხაზური დიასპორები აკეთებენ თურქეთში, ისინი პირდაპირი კონტაქებით და კულტურული ღონისძიებებით შენიღბულ საინფორმაციო ომს აწარმოებენ საქართველოს წინააღმდეგ… არწმუნებენ რა თურქებს, რომ ისინი სრულიად სხვა ისტორიის, კულტურის, ენის და რელიგიის ხალხია – ვიდრე ქართველები, რომლებთაც მათი დაპყრობა უნდათ. ქართული დიასპორები კი, რომლებთანაც სქართველოს ხელისუფლებას ძალიან ცოტა და სრულიად არაეფექტური კონტაქტები აქვს, თურქების საპირისპიროში დასარწმუნებლად არაფერს აკეთებენ. აქედან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს თურქეთის ოფიციოზიც აფხაზი სეპარატისტების მიერ ინტენსიურად მიწოდებულ ,,სიმართლეს,, აღიარებს.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაშიცხინვალის მარიონეტული რეჟიმმა ე.წ. ლენინგორის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის ორი მოადგილე გაანთავისუფლა
შემდეგი სტატიახმელნიცკის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა სკოლებში რუსული ენის სწავლებაზე