თურქეთის სასამართლომ ამერიკელ პასტორს შინაპატიმრობა მოუხსნა

თურქეთის სასამართლომ ამერიკელ პასტორს ენდრიუ ბრანსონს შინაპატიმრობა მოუხსნა. მიუხედავად იმისა, რომ პასტორს სამწლიანი თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ქალაქ ალიაგის სასამართლომ მისი განთავისუფლება ბრძანა – მან საკმარისად ჩათვალა პასტორის ციხეში ყოფნის ვადა და გაითვალისწინა პასტორის ყოფაქცევა.

50 წლის ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრანსონი ჩრდილოეთ კაროლინაში ღრმად მორწმუნეთა ოჯახში დაიბადა და შვიდ და-ძმას შორის ყველაზე უფროსი იყო. მისი მშობლები პემი და როდ ბრანსონები, პრესვიტარიანელი მისიონერები, ქადაგებდნენ მექსიკაში, პაკისტანსა და რუსეთში. ენდრიუ ბრანსონი თურქეთში 90-იან წლებში გადავიდა საცხოვრებლად მეუღლე ნარინთან და სამ შვილთან ერთად. იზმირში ის ევანგელისტურ ეკლესიას ჩაუდგა სათავეში, რომლის მრევლი სულ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო. გარდა ამისა, პასტორი სირიელ ლტოლვილებსაც ეხმარებოდა.

2016 წლის ზაფხულში თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო. ქვეყანაში მასობრივი რეპრესიები დაიწყო. ორი წლის მანძილზე 60 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, 160 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე კი სამსახურებიდან დაითხოვეს. თურქეთის მთავრობამ გადატრიალების ორგანიზატორად ფეხტულახ გიულენი დაასახელა – მსოფლიოში ისლამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მქადაგებელი, რომელიც 1999 წლიდან ამერიკაში ცხოვრობს. თურქეთმა მისი ჩაბარება მოსთხოვა ამერიკის მთავრობას, თუმცა, აშშ-მ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გიულენის ექსტრადაციაზე უარი განაცხადა. თვითონ იმამი კატეგორიულ უარს ამბობს გადატრიალებასთან რაიმე სახის კავშირზე.

2016 წლის ნოემბერში გადატრიალებასთან კავშირის გამო ენდრიუ ბრანსონი და მისი მეუღლე ნარინი დააკავეს, რომლებიც, ოფიციალური თურქეთის ცნობით, გიულენთან კავშირში იყვნენ. ნარინი 13 დღეში გაანთავისუფლეს.
თურქეთის პროკურატურის აზრით, ბრანსონი გიულენთან მუდმივ კავშირში იყო და მისგან თანხასაც იღებდა, რომლითაც თურქეთის მთავრობის წინააღმდეგ ეწეოდა საქმიანობებს. ბრალდების მხარე, ასევე ამბობს, რომ პასტორი, მისიონერის სახით, ჯაშუშობასაც ეწეოდა. ბრანსონი ბრალის აღიარებას არ აპირებს. გაზაფხულზე თურქეთმა ამერიკას ბრანსონის გიულენში გაცვლა შესთავაზა, თურმცა, ამერიკის მთავრობა ამაზე არ წავიდა.

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრანსონის დასაცავად მიმდინარე წლის აპრილში გამოვიდა. მას შემდეგ, მან პასტორი რამდენჯერმე ახსენა.
ივლისის ბოლოს იზმირის სასამართლომ პასტორი შინაპატიმრობით გაუშვა. ამის მიუხედავად, ვაშინგტონი ესკალაციაზე წავიდა. აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ 1 აგვისტოს ორ თურქ მინისტრს სანქციები დაუწესა.

banner
წინა სტატიაშიეს საკითხი არის საერთაშორისო სამართლის. ვინ არის აგრესორი, ვინ არის პასუხისმგებელი – ამაზე ყველა ერთნაირად პასუხობს-სალომე ზურაბიშვილმა გორში აგვისტოს ომზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაერთნაირსქესიან თაგვებს წრუწუნები გაუჩნდათ