თურქეთის ელჩი: ჩვენი გენერალური კონსულის განცხადება დამახინჯებულად იქნა წარმოდგენილი

ჩვენი გენერალური კონსულის განცხადება დამახინჯებულად იქნა წარმოდგენილი,- ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძესთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენი გენერალური კონსულის ინტერვიუ დამახინჯებულად იქნა წარმოდგენილი მედიაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო მისი განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია. ნებისმიერ შემთხვევაში არც მას და არც ჩვენ არ გვითქვამს, რომ ვინც დადის საქართველოში ამ კონკრეტულ სკოლებში განათლების მისაღებად, ან ამ სკოლის კურსდამთავრებულები, ტერორისტები არიან. სრული გაუგებრობაა. მეორეს მხრივ, ჩვენ გავუზიარეთ ჩვენ ქართველ პარტნიორებს ჩვენი შეშფოთება ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის საერთაშორისო ქმედებების, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ გარკვეულ სკოლებთან მათ კავშირებისა და ამ სკოლების მართვის გამო. როგორც სხვა მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებში, ჩვენ გავაგრძელებთ ასეთი საკითხების განხილვას საქართველოს შესაბამის ორგანოებთან იმ შესანიშნავი თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც უკვე არსებობს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით“-აღნიშნა ელჩმა.

თურქეთის გენერალურმა კონსულმა აჭარაში იასინ თემისქანმა განაცხდა, რომ აჭარაში არის სკოლები, რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან.

„ეს ხალხი იმაგრებს საკუთარ პოზიციებს სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მეშვეობით, ანუ ზრდიან თაობებს, რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან, სამწუხაროდ აჭარაში არის მსგავსი სკოლები, ერთ-ერთია რეფაიდინ შაჰინის სახელობის ლიცეუმი, მე მოვუწოდებ აჭარის მოსახლეობას ქართველ ხალხს, ნუ გაუშვებთ შვილებს ამ სკოლაში, ნუ ასწავლით, იმიტომ რომ ეს არის ტერორისტული დაჯგუფება”’- განაცხადა კონსულმა.

banner
წინა სტატიაშითურქეთში ათათურქის ძეგლებს იღებენ
შემდეგი სტატიათურქეთის პარლამენტში ევაკუაცია გამოცხადდა