თურქეთში ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრაქტიკულად, ყველა დიდ ქალაქში ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თავისი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ მარცხი აღიარა. მუნიციპალური არჩევნები 31 მარტს ჩატარდა.
მთავარი ყურადღება მიპყრობილი იყო თურქეთის მეგაპოლის სტამბოლისკენ, სადაც ერდოანის პარტიას წინა მუნიციპალური არჩევნების შედეგად დაკარგული პოზიციების აღდგენა სურდა, თუმცა ვერ შეძლო.
თურქეთის მედია არჩევნების წინასწარ ოფიციალურ შედეგებზე დაყრდნობით წერს, რომ სტამბოლის მოქმედმა მერმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ ხმების 51%-ზე მეტით თანამდებობა შეინარჩუნა. დაახლოებით 39% მიიღო „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ კანდიდატმა მურატ ქურუმმა.
მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგებით, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ხმების 60%-ზე მეტით გაიმარჯვა მოქმედმა მერმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა მანსურ იავაშმა. მის კონკურენტს ერდოანის პარტიიდან, თურგუტ ალტინოკს, ხმა მისცა დაახლოებით 32%-მა. არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტ ერდოანის ოპოზიციაში მყოფი „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატები მერის არჩევნებში ლიდერობენ 20-ზე მეტ დიდ ქალაქში, მათ შორის იზმირსა და ანტალიაში.