თურქეთის ახალი მთავრობა და აფხაზთა შესაძლო პრობლემები…

2015 წლის 24 ნოემბერი თურქეთის ისტორიაში არამარტო რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებით ყოფილა აღსანიშნავი თარიღი… ამ დღეს თურქეთის პრემიერმინისტრმა პროფესორმა აჰმეთ დავუთოღლუმ, პრეზიდენტ ტაიპ ერდოღანის განკარგულების მიხედვით, 1 ნოემბერს არჩეული პარლამენტის წარსადგენად – ახალი, თურქეთის ისტორიაში რიგით 64-ე  მთავრობის შემადგენლობა დაასახელა…

აჰმეთ დავუთოღლუს მიერ დასახელებულ ახალ მთავრობაში ბევრი წინა მთავრობის დროინდელი მინისტრი მოხვდა, თუმცა ზოგიერთი მათგანი ამჯერად სულ სხვა სამინისტროს პირველ პირად დასახელდა… მთავრობის თითქმის ნახევარი კი – ახალი სახეებით შეივსო.

ქართული წარმოშობის მინისტრი ფარუკ ჩელიკი
ქართული წარმოშობის მინისტრი ფარუკ ჩელიკი

ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ ახალი განლაგებით საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი შეინარჩუნა, ხოლო ეთნიკურად ქართველი – შრომისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი ფარუკ ჩელიკი, ახალ მთავრობაში კვებისა და სოფლის მეურნეობის მინიტრად მოგვევლინება… მისი ადგილი კი ახალ მთავრობაში სულეიმან სოილუმ უნდა დაიკავოს. თურქეთის ახალ მთავრობაში ორი ქალი მინისტრი იქნება- ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრი სემა რამაზანოღლუ და ქალქ-დაგეგმარების მინისტრი – ფატმა გულდემეთ სარი. თავდაცვის მინისტრი ისმეთ ილმაზი იქნება, ხოლო შსს-ს მინისტრი ეფკან ალა…. არ გაუმართლათ აფხაზ სეპარატისტებს, რადგან მათი ლობისტი თურქეთის მთავრობაში, ყოფილი კულტურის მინისტრი იალჩინ თოფჩუ ,,ბორტს მიღმა,, დარჩა და მისი ადგილი მაჰირ უნალმა დაიკავა.

იალჩინ თოფჩუ და ინარ გიცბა
იალჩინ თოფჩუ და ინარ გიცბა

აღსანიშნავია, რომ თურქეთის ყოფილი კულტურისა და ტურიზმის მინისტრი იალჩინ თოფჩუ,  აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ე.წ. წარმომადგენელს თურქეთის რესპუბლიკაში ინარ გიცბას, მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში, აფხაზური დიასპორის წარმომადგენელთა მეშვეობით ოფიციალურად შეხვდა, რის გამოც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი დაიბარეს და მას საპროტესტო ნოტა გადასცეს… ამის მიუხედავად, თოფჩუ – 20 ოქტომბერს საქარიაში აფხაზური სათვისტომოს წევრებთან შეხვედრისას, საქართველოს მიმართ მკაცრი ტონით გამოვიდა და  საგარეო უწყების მიერ ელჩის დაბარება გააპროტესტა…(იხილეთ ვიდეო)

,,თურქეთში 500.000-მდე აფხაზური ფესვების მქონე ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ჩვენთან სისხლ-ხორცეული კავშირებით არიან დაკავშირებული….საქართველო, მე ჩემს ნათესავებთან, რძლებთან, სიძეებთან შეხვედრას ვერ ამიკრძალავს… ქართველებს ურჩევნიათ თურქი მესხების საერთაშორისო უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვარონ,, განაცხადა მინისტრმა თოფჩუმ აფხაზურ დიასპორასთან შეხვედრისას, რომელსაც ყოფილი მინისტრი თურქეთში წინაასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში ატარებდა. მიუხედავად აფხაზური დიასპორის მიმართ დადებითი დამოკიდებულებისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ განხორციელებული ლობისტური ნაბიჯებისა, ახალ თურქულ მთავრობაში იალჩინ თოფჩუს ადგილი ვერ მოიძებნა.

აფხაზური დიასპორების მეშვეობით თურქებთან ბოლო დროს დალაგებული ურთიერთობები (იხილეთ ლინკი  /http://www.timer.ge/apkhazi-separatistebi-thurqethshi-sainpormacio-oms-gvigeben/ ) აფხაზ სეპარატისტებს მინისტრ თოფჩუს თურქეთის მთავრობიდან წასვლის გარდა კიდევ ერთი გარემოებით შეიძლება გაურთულდეთ… საქმე იმაში გახლავთ, რომ 24 ნოემბერს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტთან დაკავშირებით, აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერმა, პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ განცხადება გააკეთა, სადაც რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება განიხილა, როგორც საერთაშორისო ტერორიზმთან მებრძოლი რუსეთისადმი ძირგამომთხრელი საქმიანობა და მკაცრად დაგმო თურქეთის მოქმედება. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრ რეაგირებას მოახდენს ამ ფაქტზე. მართალია აფხაზების სათვისტომოთა  მიერ დაფუძნებული თურქული საინფორმაციო საიტები ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერს აგებინებენ თურქ მკითხველს, მაგრამ ეს ფაქტი თურქეთის ხელისუფლებისთვის შეუმჩნეველი მაინც არ დარჩება.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

/თურქეთის ყოფილი კულტურის მინისტრის იალჩინ თოფჩუს გამოსვლა აფხაზური დიასპორის შეკრებაზე – ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიროგორ აფრთხილებდნენ რუს პილოტებს თუქრები ჩამოგდებამდე… (AUDIO-VIDEO)
შემდეგი სტატიაშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო