თურქეთი, ახლო აღმოსავლეთი და სამხრეთ კავკასია

ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობის ზრდის გათვალისწინებით, რაც საფრთხეს უქმნის ასევე სამხრეთ კავკასიას, საქართველოს მალე მოუწევს თავისი რეგიონული პრიორიტეტების გადახედვა — თბილისმა უნდა გააღრმავოს თანამშრომლობა ირანთან (პრო-დასავლური კურსი უცვლელი რჩება, რათა ძალთა ბალანსი რეგიონში შენარჩუნდეს), რომელიც შეურიგებელად ეწინააღმდეგა რადიკალურ ტერორისტულ ორგანიზაციებს, როგორიცაა “ისლამური სახელმწიფო”, ანუ “ISIS” და სხვა. (“ISIS”-ის საქმიანობა მოდის იმ ქვეყნებზე, რომლებიც ითვლებიან ირანის მოკავშირეებად — ერაყის ხელისუფლება და ბაშარ ასადის მთავრობა). ერაყისა და სირიის დესტაბილიზაციამ, ირანს ხმელთაშუა ზღვისკენ გასასვლელი ჩაუკეტა — ამგვარად დღის წესრიგში დგას ევროპისკენ მიმავალი ენერგორესურსების ტრანსპორტირების ახალი მარშრუტების ძიება, რაც პოსტ-სანქციურ პერიოდში, ირანის საგარეო პოლიტიკისათვის მთავარ პრიორიტეტად სახელდება.დღეს, ახლო აღმოსავლეთში ხდება იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობის საფუძვლიანი ტრანსფორმირება, რაც არსებობდა 1990-იან და 2000-იან წლებში. ის ქვეყნები, რომლებიც ახლო წარსულში იძულებულნი იყვნენ შეეთანხმებინათ მსფოლიო მოთამაშეებთან თავიანთი საგარეო (ხშირად საშინაოც) პოლიტიკური პრიორიტეტები, ახალ რეალიებში თავად გახდნენ „იმპერიული“ პოლიტიკის მედროშეები. პირველ რიგში აქ საუბარია თურქეთზე და საუდის არაბეთზე, რომლებიც ათწლეულების მანძილზე იყვნენ “დასავლეთის ერთგული მსახურნი და მათ სურვილების შემსრულებელნი”…

გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთი ჩვენი უშუალო მეზობელია, უფრო საინტერესო იქნება ყურადღება გავამახვილოთ ანკარას რეგიონულ საგარეოპოლიტიკურ მიზნებზე.

ბოლო წლებში რეგიონში შეიქმნა ახალი რეალობა, რომელსაც შეუძლია უახლოეს მომავალში იქონიოს მნიშვნელოვანი გავლენა ასევე კავკასიის სახელმწიფოების შიდა და გარე პოლიტიკაზე და საერთოდ შეცვალოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეგიონალური პოლიტიკა.

პირველ რიგში აქ იგულისხმება თურქეთი, რომლის ბოლო დროინდელი დემარში სირიის წინააღმდეგ და შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯები იყო გარკვეული დაძაბულობის გამომწვევი. ჩვენ ვსაუბრობთ თურქეთის გააქტიურებაზე აღმოსავლეთის მიმართულებით, ანუ, ანკარას მიერ მჭიდრო ურთიერთობების დამყარება ისლამურ (სუნიტურ) ქვეყნებთან, რაც შეიძლება ჩავთვალოთ თურქეთის საგარეო პოლიტიკაში “რევოლუციურ მოვლენად”.

საქმე იმაშია, რომ, რ.თ. ერგოღანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თურქეთის საგარეო პოლიტიკაში მოხდა სერიოზული ცვლილებები რამოდენიმე მიზეზის გამო:

  1. ათეული წლებით გაწელილი მოლაპარაკებები თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით (თურქეთში ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ “რაც არ უნდა აკეთოს თურქეთმა, მას არ მიიღებენ ევროკაშირში” და მაგიტომ თურქეთი კარგავს სტიმულს გააგრძელოს რეფორმები).
  2. ჩრდილოეთ ერაყში აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერით ქურტების ავტონომიის ფორმირება, რაც განიხილება თურქეთის მიერ, როგორც მის ეროვნულ უსაფრთხოებაზე თავდასხმა. ცნობისთვის, თურქეთში ცხოვრობს 15-20 მილიონი ქურთი, რომლებიც ასევე იბრძვიან ავტონომიისათვის (ერაყში მცხოვრები ქურთები სარგებლობენ ფართო ავტონომიით, სირიის ჩრდილო ნაწილში ქურთებმა ჩამოაყალიბეს სამხედრო თავდაცვითი რაზმები და ადმინისტრაცია). ცნობისთვის, სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომმა ქურთების დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეას მეტი აქტუალობა შესძინა. სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის დამასკოს კონტროლისგან გათავისუფლებამ და ერაყის ქურთისტანის ფართო ავტონომიამ ქურთების მრავალი თაობის ოცნება უფრო რეალური გახადა. სხვა საკითხია, რამდენად შეეგუება ამ ვითარებას თურქეთი, რომლოსთვისაც დამოუკიდებელი ქურთისტანი ქვეყნის დაშლის ტოლფასია.
  3. ევროპის მხრიდან მუდმივი ზეწოლა თურქეთზე “სომხების გენოციდის” აღიარებისათვის
  4. თურქეთის იმპერიული ამბიციების “გაღვიძება”, რაც გამოწვეულია ბოლო 20 წელიწადში მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი ზრდით და საკმაოდ ძლიერი სამხედრო-სამრეწველი კომპლექსის ჩამოყალიბებით.

 

ეს ფაქტორები აძლევს თურქეთს მყარ მიზეზს დაიწყოს არსებული სიტუაციიდან გამოსავლის ძებნა. თურქი ლიდერების ხედვით გამოსავალი შემდეგშია – სტაბილური პლატფორმის მომზადება დასავლური დიქტატისაგან ეტაპობრივი თავდასხნის მიზნით, თურქეთის დაბრუნება თავის “კანონიერ” და ისტორიულ ახლო აღმოსავლურ პოლიტიკაში რეგიონში დასავლეთის მოკავშირე ქვეყნის სტატუსის შენარჩუნებით.

საბოლოო ჯამში, თურქეთის მთავრობის ამგვარი ქცევა გამოწვეულია:

  1. ევროკავშირთან ურთიერთობით
  2. ახლო აღმოსავლეთში გაჩენილი გეოპოლიტიკური ვაკუუმით
  3. საერო ოპოზიციის (ქემალისტები, მემარცხენე ძალები) სისუსტით

 

ცხადია, რომ თურქეთი ყალიბდება არა მხოლოდ როგორც რეგიონალური მასშტაბის დერჟავა, არამედ გაცხადებული აქვს ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის სტატუსის დამკვიდრება. აშკარაა, რომ თურქეთი როგორც მუსულმანური (სუნიტური) ქვეყანა ცდილობს სათავეში ჩაუდგეს პანისლამისტურ მოძრაობას (ამ საკითხში ის ეწინააღმდეგება საუდის არაბეთს და შიიტურ ირანს). თურქების იმპერიულ ამბიციებს გააჩნია მყარი ისტორიული გამართლება: არც ისე დიდი ხნის წინ, 1922 წლამდე – ოსმალეთის იმპერიის სულთანი იყო «ხალიფა», ანუ მუსლიმთა სულიერი ლიდერი, რაც თავის მხრივ არის წონადი არგუმენტი თურქეთის ამ “კანონიერი” პრეტენზიების იდეოლოგიურ-პოლიტიკურად გასამართლებლად.

ახლო წარსულის “დიადი” იმპერიული მემკვიდრეობა მყარადაა გამჯდარი თურქების ცნობიერებაში, რომლის აღმოფხვრა ვერ მოახერხა მუსტაფა ათათურქმა ახალი პრინციპების (საერო ნაციონალიზმი, ანუ ქემალიზმი) დანერგვის შემდეგაც. ეს ნათლად ჩანს თუნდაც ერდოღანის მთავროვის ბოლო დროინდელი საგარეო პოლიტიკური ღონისძიებების პოპულარობის მაგალითზე (აქ პირველ რიგში იგულისხმება მმართველი პარტიის მიერ “აღმოსავლური პროისლამისტური პოლიტიკის” გატარება), რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლური ქვეყნებთან დაახლოებას, რაც მიმდინარე გეოპოლიტიკურ პირობებში ცივი ომის პერიოდისგან განსხვავებით აღიქმება, როგორც უფრო დამოუკიდებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკის გატარების მცდელობა, როცა თურქეთის მთავრობის ქმედებები უშუალოდ თანხმდებოდა “დასავლურ ბლოკთან” (NATO-ს სახით) და წამყვან კაპიტალისტურ ქვეყნებთან.

ვასილ პაპავა (ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ირანისტი)

 

banner
წინა სტატიაში“იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით ბევრი კითხვა იბადება”
შემდეგი სტატია„მთავრობა საქმიანობაში გაითვალისწინებს იმ მოსაზრებებს, რომელიც დღეს პარლამენტში გამოითქმება“