ხანგრძლივი წინასწარ დაგეგმილი ოპერატიული სამუშაოების შემდეგ, რომლებშიც ჩაბმული იყვნენ ინტერპოლის თურქეთის ბიუროს თანამშრომლები, დაკავებულია ინტეპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი 12 პირი, 12-ვე თურქეთის მოქალაქეა, – ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
შსს-ს განცხადების მიხედვით, დაკავებული არიან მკვლელობის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის, ასევე მკვლელობის მცდელობისა და სხვა დანაშაულში ბრალდებული პირები, რომლებიც ჯამში, სხვადასხვა დროს ჩადენილი 78 დანაშაულებრივი ეპიზოდის გამო იძებნებოდნენ.
ამასთან, დაკავების დროს ჩატარებული ჩხრეკისას, ერთ-ერთი პირისგან, ნივთმტკიცების სახით, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
შსს-მ ბრიფინგი თურქ კოლეგებთან ერთად ჩაატარა, რომლებმაც ქართველ სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ ერთობლივი ოპერაციები მომავალშიც გაგრძელდება.


















