თურნავა – თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილება წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას

მივესალმებით თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის გადაწყვეტილებას ორ ქვეყანას შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოდან ექსპორტის ზრდის პერსპექტივას, კერძოდ თურქეთიდან შემოტანილი ინდუსტრიული ნედლეულიდან საქართველოში წარმოებული პროდუქცია უფრო მეტად, ფართო ასორტიმენტით და მეტი მოცულობით გავა ევროკავშირში, – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ 2021 წლის 10 თებერვალს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის მიერ შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც, მინისტრის განცხადებით, გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც საქართველოდან ევროკავშირში იქნება შესაძლებელი.
მისი თქმით, შეთანხმება ასევე წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაცია სრულად მას შემდეგ ამოქმედდება, რაც სათანადო ინფორმაციას საქართველოსა და თურქეთის შეტყობინების საფუძველზე ევროკომისია ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებს.
საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების შემდეგ შესაძლებელი იქნება თურქეთიდან იმპორტირებული ინდუსტრიული ნედლეულის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნას შეტანილი ევროკავშირის ბაზარზე. სხვა სექტორებთან ერთად, აღნიშნული სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში ტექსტილის ინდუსტრიის შემდგომი განვითარებისათვის და ამ მიმართულებით ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის.
მინისტრის განცხადებით, 2020 წელს თურქეთში გავიდა დაახლოებით 75 მლნ. აშშ დოლარის ტექსტილის პროდუქცია, რომლის დიდი ნაწილიც სავარაუდოდ შემდგომ გავიდა ევროკავშირში, ხოლო დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ პროდუქციის პირდაპირ ევროკავშირში ექსპორტირება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც ადგილობრივი მწარმოებლებისათვის გაცილებით მომგებიანი იქნება. მისი თქმით, თურქეთიდან იმპორტირებული ნედლეულის მონაწილეობით, შემდგომში ევროკავშირში ექსპორტის მიზნით საქართველოში წარმოების განვითარების პოტენციალია ასევე შემდეგ სექტორებში: ავეჯის, სამშენებლო პროდუქციის, პლასტმასის ნაწარმის, ფოლადის ნაწარმის და ქაღალდისა და მუყაოს წარმოება.
მინისტრის განცხადებით, ზოგადად დიაგონალური კუმულაციის ამოქმედება გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც ევროკავშირში იქნება შესაძლებელი, ასევე ის წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამასთან, დიაგონალური კუმულაცია არ გავრცელდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, რადგან ევროკავშირსა და თურქეთს შორის გაფორმებული საბაჟო კავშირი არ ფარავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას.
პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის შესახებ რეგიონული კონვენციის (პემ-ის კონვენცია) წევრობა იძლევა წარმოშობის წესების გლობალური გამოყენების საშუალებას. კერძოდ, წევრ ქვეყნებს, რომლებსაც ერთმანეთთან აქვთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, აღნიშნული კონვენციის საფუძველზე მრავალმხრივ ფორმატში შეუძლიათ ისარგებლონ დიაგონალური კუმულაციის მეთოდით (სქემით). საქართველო 2017 წლიდან არის ამ კონვენციის წევრი. აღსანიშნავია, რომ კონვენციაში წევრობის შესაძლებლობა საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებულმა ასოცირების შეთანხმებით მიეცა.

ვირუსის ბლოკატორები