თურნავა – საქართველო მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით მე-9 ადგილზეა

ინტერნეტზე წვდომა საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, რაც 2018 წელს საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით ქვეყნის კონსტიტუციაში აისახა. ჩვენ ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებლის გაუმჯობესების მიმართულებით არაერთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ეს არის წვდომა საგანათლებლო რესურსებთან, კავშირების დამყარება ბიზნეს პარტნიორებთან, საკუთარი პროდუქციისთვის გასაღების ახალი ბაზრების მოძიება და ა.შ. საქართველო დღეს აღიარებულია ქვეყნად თავისუფალი ინტერნეტ სივრცით”, – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მიღწევები.

მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობაზე ქვეყანაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, განსაკუთრებით გამოყო საქართველოსა და აშშ-ს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმება.

ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წლის დასაწყისში ამერიკულ მხარესათან ხელმოწერილი მემორანდუმით საქართველო მიუერთდა „Clean Network“ ინიციატივას, რაც თავის მხრივ ხაზს უსვამს სანდო მომწოდებლებისგან 5G ქსელის უსაფრთხოებისათვის საჭირო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების გამოყენებას, მოქალაქეთა კონფიდენციალურობისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვას და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. გარდა ამისა, იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი, მათ შორის, რომლებიც გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად, რაც სარგებელს მოუტანს ორი ქვეყნის მოქალაქეებსა და ეკონომიკებს.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველო მთავრობის მიერ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 5 წლიანი ეროვნული სტრატეგიის დამტკიცებას, რომლის მიზანია ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონში საქართველოს ციფრული და საინფორმაციო ჰაბად გარდაქმნა, კონკურენციის სტიმულირება, ახალი ინვესტიციების მოზიდვა, ციფრული უნარების განვითარება და სხვა.

„ჩვენ არ ვაპირებთ მიღწეულით დაკმაყოფილებას. ვგეგმავთ, რომ გავზარდოთ ქვეყნის ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი. ამისთვის აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც დონორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, მსოფლიო ბანკთან, აგრეთვე კერძო სექტორთან. ჩვენ კარგად გვესმის ინტერნეტთან წვდომის მნიშვნელობა ციფრულ ეპოქაში, ამდენად, ამ მხრივ, ვახორციელებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. საქართველოს აქვს ყველა რესურსი საიმისოდ, რომ უახლოეს პერიოდში გახდეს ინტერნეტ ჰაბი და საკუთარ ბაზარზე შეძლოს მსხვილი საერთაშორისო ტექნოლოგიური ბიზნესების მობილიზება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლისთვის 4G ქსელებით უნდა დაიფაროს საქართველოს ტერიტორიის 99 პროცენტი, ხოლო 5G სერვისების პილოტირება უნდა მოხდეს მინიმუმ სამ მუნიციპალიტეტში. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა ერთიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნაზე, რომელიც უნდა უზრუნველყოფს საბითუმო ინტერნეტ მომსახურებების მიწოდებას ტელეკომ ოპერატორებისთვის.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 497, იმერეთში – 278, კახეთში – 220
შემდეგი სტატიაჯაღმაიძე – არავის აღარ უკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის მრევლს, რა გააკეთოს არჩევნებზე