თურნავა: „რიონის ხეობის მცველებთან“ ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას და შევთანხმდებით

მე მაინც ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში „რიონის ხეობის მცველებთან“ ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას და შევთანხმდებით, კომპრომისი მოიძებნება, – ნამახვანჰესის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა უმრავლესობა გულწრფელი, პატრიოტი ადამიანები არიან, რომლებიც აპროტესტებენ ისე, როგორც მიაჩნიათ სახელმწიფოსთვის სწორად.

„მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გადმოსახედიდან პატრიოტიზმი სხვა რამესაც გულისხმობს, რომ შეიძლება დღეს არაპოპულარული გადაწყვეტილებები მივიღოთ, რათა საქართველო იყოს ენერგეტიკულად ძლიერი და ეკონომიკურად დამოუკიდებელი. ერთ მაგალითს მოვიყვან: 90-იან წლებში, ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე რაც მოხდა ხუდონჰესთან დაკავშირებით, როდესაც დაწყებული, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი პრაქტიკულად, შეჩერდა. იმ დროის გადმოსახედიდან ეს იყო ძალიან ეროვნული და პატრიოტული საქმე – „წინ აღვუდგეთ ხუდონჰესს, არ ავაშენოთ“! – ეს რუსეთის იმპერიასთან ასოცირდებოდა რატომღაც… მაგრამ დღეს მთელი პასუხისმგებლობით გეტყვით – ჩვენ რომ დღეს „ხუდონჰესი“ გვქონოდა, გაცილებით უფრო წელგამართულები ვიქნებოდით“- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას შეფასებით, „ნამახვანჰესის“ ისტორია, დრამა ცოტათი გაზვიადებულია.

„დროთა განმავლობაში ხდება ამ მიდგომების გადაფასება. ჩვენ, ხელისუფლებას სხვა პასუხისმგებლობა გვეკისრება – მიუხედავად იმისა, არის თუ არა რაღაც გადაწყვეტილება დღეს პოპულარული, უნდა ის გავაკეთოთ, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგება. დარწმუნებული ვარ, ამ ნაწილში ჩვენ აუცილებლად შევჯერდებით, რადგან ამოცანა საერთოა – ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ და ისე ვიმოქმედოთ, როგორც წაადგება ქვეყანას. და რადგან სურვილი ასეთია, მიუხედავად განსხვავებული ფორმებისა, აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციასთან დაკავშირებული ხარვეზი აღმოფხვრილია
შემდეგი სტატიადროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თამარ ჟვანიამ არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების საკითხები განმარტა