თურნავა – „ნამახვანჰესთან” დაკავშირებით მედიაციის პროცესი „ცივილიზებულად მიმდინარეობს“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით, „ნამახვანჰესთან” დაკავშირებით მიმდინარე მედიაციის პროცესი ცივილიზებულად მიდის.

როგორც თურნავა აღნიშნავს, მხარეებს შორის დეესკლაციისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგა.

„დადასტურდა, რომ მედიაციის პროცესი ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს მთავრობამ მიიღო. მედიაცია საერთაშორისო სტანდარტების შესატყვის გარემოში, ცივილიზებულად მიდის.

დეესკლაციისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგა. იცით, რომ ჩვენც შევამცირეთ პოლიციის კონტინგენტი და რკინის ჯებირები მოიხსნა.

შემდეგი ნაბიჯი, რაც არის შეთანხმებული საერთაშორისო მედიატორთან არის ის, რომ აქციის მონაწილეებმა და ლიდერებმა ასევე უნდა აიღონ გარკვეული პასუხისმგებლობა, რომ არ შეუშლიან ხელს ინვესტორს და კომპანიას მშვიდობიანად განახორციელონ სამუშაოები საწყისი ნებართვის ფარგლებში.

მედიაციის მთავარი მიმართულება არის გარემოსდაცვითი სტანდარტების გადამოწმება, გარემოსდაცვითი პროცედურების, თუ კვლევების გადამოწმება, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ყველა დარწმუნდეს, რომ ეს პროექტი განხორციელდება მხოლოდ უმაღლესი გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სტანდარტების შესატყვისად, როგორც საქართველოს ინტერესებში იქნება. დიალოგი მიმდინარეობს, ამ პლატფორმას ორივე მხარე კარგად ვიყენებთ“, – აღნიშნავს თურნავა.

banner
წინა სტატიაშიავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ
შემდეგი სტატიაბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს