თურნავა – იხსნება შეზღუდვა სასტუმროებში მოქმედი რესტორნებისთვის, რომელთა ფუნქციონირება დღემდე 21:00 საათიდან აკრძალული იყო

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ტურიზმის სექტორისთვის და ზოგადად, ჩვენი მოქალაქეებისთვის. პირველ რიგში – მსუბუქდება ღამის საათების შეზღუდვა, კომენდანტის საათი დაიწყება 23:00 საათიდან, ნაცვლად 21:00 საათისა, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე.

ნათია თურნავას განმარტებით, ასევე იხსნება შეზღუდვა სასტუმროებში მოქმედი რესტორნებისთვის, რომელთა ფუნქციონირება დღემდე 21:00 საათიდან აკრძალული იყო.

„რაც შეეხება კაფეებისა და რესტორნების ფუნქციონირებას შაბათ-კვირას, ვიცით, რომ ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან უკვე წამოვიდა ტურისტების ნაკადი. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, შაბათ-კვირას, წესების დაცვით შესაძლებელი იქნება ამ კვირიდან კაფე-ბარებისა და რესტორნების ღია სივრცეების ფუნქციონირება. ამასთან, დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველი ივნისიდან უფრო მეტად შევძლებთ შემსუბუქებას და საერთოდ მოვხსნით ამ შეზღუდვას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას განმარტებით, პირველი ივნისიდან შემსუბუქება, რა თქმა უნდა, იმ პირობით მოხდება, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება კეთილსაიმედო იქნება.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგამყრელიძე კომენდანტზე – ოქროს შუალედი მოიძებნა
შემდეგი სტატიათიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, ფოტოგრაფი დარო სულაკაურის გამოფენას – „სიზმარს ვხედავდი“ უმასპინძლებს