თურნავა – ძალადობა დასაგმობია, დარწმუნებული ვართ, სამართალდამცველები თითოეულ ფაქტს გამოიძიებენ

ძალადობა დასაგმობია, დარწმუნებული ვართ, სამართალდამცველები თითოეულ ფაქტს გამოიძიებენ და დადგება სრულიად სამართლებრივი შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარი არის თავისუფალი სიტყვა და ამ თვალსაზრისით ჟურნალისტებისთვის აბსოლუტურად თავისუფალი გარემოა.

„რა თქმა უნდა, ძალადობა დასაგმობია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელი ეშლებათ ჟურნალისტებს საქმიანობაში, როდესაც ხდება შეტევა ჟურნალისტებზე. ის ფაქტები, რაც ჩვენ ვიხილეთ, დაშავებული ჟურნალისტები, ეს არის მიუღებელი. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ სამართალდამცველები თითოეულ ასეთ ფაქტს გამოიძიებენ და დადგება სრულიად სამართლებრივი შედეგი.

ჩვენი გუნდის წევრებმა, ჩვენმა ლიდერებმა გააკეთეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, ძალიან ცალსახად დაგმეს ძალადობა. თქვენი პათოსი გასაგებია, ჩვენ ვუერთდებით ამ პათოსს იმ ნაწილში, რომ ძალადობა მართლაც არის ყოვლად მიუღებელი ჟურნალისტებთან მიმართებაში. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარი არის თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი სივრცე და გარემო ჟურნალისტებისთვის, რომ იმუშაონ, აბსოლუტური თავისუფლებაა ამ თვალსაზრისით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თითოეული ასეთი სამწუხარო ფაქტი იყოს ბოლომდე გამოძიებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე – პირდაპირ დგება მთავრობის ხელმძღვანელისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა
შემდეგი სტატიაწულუკიანი – აქციაზე პოლიცია მოქმედებდა იმ ფარგლებში, რაც მას შეეძლო