თურნავა: ჩვენ ახლა გათვლას ვაკეთებთ უფრო ხარისხიან ტურისტებზე

“ჩვენ ახლა გათვლას ვაკეთებთ უფრო ხარისხიან ტურისტებზე” – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა და განმარტა, რომ “ხარისხიანი” მხარჯველუნარიანი და ამავდროულად, უსაფრთხო ტურისტია. თურნავამ ასე უპასუხა კითხვას, რას სთავაზობს საქართველო ჩამოსულ ტურისტს, როცა მაგალითად აჭარაშიც კი, ტაქსით წასვლა მოუწევს.

“გაცილებით უფრო სენსიტიური და მტკივნეულია, რომ ჩვენი, საქართველოს მოქალაქე მგზავრობს ტაქსით და გაუძვირდათ მგზავრობა, ამიტომაც ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, ვიდრე ჩამოსულ ტურისტზე, რომელსაც მერწმუნეთ, წინასწარ ექნება ეს ბიუჯეტში გათვლილი, ჩვენ ახლა გათვლას ვაკეთებთ უფრო ხარისხიან ტურისტებზე, რომელიც უფრო მხარჯველუნარიანია… მხარჯველუნარიანი და ამავდროულად, უსაფრთხო ტურისტი” – ამბობს თურნავა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, არც სახელმწიფოს და არც ტურისტულ სექტორს არ აქვს იმის ილუზია, რომ რეგულარული ფრენების განახლებისთანავე სრულყოფილად აღდგება ტურისტული ცხოვრება. თურნავა ვარაუდობს, რომ მსოფლიოში მიმდინარე ვაქცინაციის ტემპიდან გამომდინარე, უფრო გვიან გაზაფხულზე იქნება შესაძლებელი ტურისტული სეზონის აღდგენა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობა მსჯელობს უცხოელების ქვეყანაში შემოსვლის პირობებზე. სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ექნება ვაქცინაციის ორივე დოზა მიღებული, შეუფერხებლად შემოვა ქვეყანაში.

“ლოგიკა აქეთკენ მიდის. თუ არის ვაქცინირებული, უნდა შეეძლოს შემოსვლა. სწორედ ამ ქვეყნებზე ვაკეთებთ გათვლას, ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ბაჰრეინი, ემირატები, ევროკავშირი, სადაც ტემპს იკრებს ვაქცინაცია, რეგიონიც, აქედან გამომდინარე, ამათზე გავაკეთებთ აქცენტს” – ამბობს ნათია თურნავა.

რაც შეეხება კითხვას, რას სთავაზობს საქართველო ამ ეტაპზე ტურისტებს, ეკონომიკის მინისტრი პასუხობს, რომ აჭარაში ორგანიზებული ტრანსპორტირებაც შესაძლებელია.

“თბილისშიც შეიძლება გაჩერდნენ, სასტუმროები არ დაკეტილა, სასტუმროების რესტორნებიც რეგულაციების დაცვით მუშაობს” – თქვა თურნავამ.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე – ვითხოვთ შეზღუდვების მოხსნას, თუმცა არ მჯერა, რომ ამ აქციის გამო ხელისუფლება უკან დაიხევს
შემდეგი სტატიაფრიდონ ინჯია – „ნაცმოძრაობას“ მართავს შევარდნაძისდროინდელი იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი