პოლიტიკური გაერთიანება „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი, ქეთევან თურაზაშვილი საჯარო სკოლებში მოსწავლეთათვის ფორმების შემოღების ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტი ჩაფლავდა.
თურაზაშვილის თქმით, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების მიღებამდე მშობლებთან და ბავშვებთან კონსულტაცია არ გაუვლია და მათი საჭიროებები არ გაუთვალისწინებია. იგი აღნიშნავს, რომ მშობელთა დიდ ნაწილს შვილებისთვის უხარისხო ფორმების ჩაცმა არ სურს, რადგან ისინი პირველ რიგში პასუხისმგებლები არიან ბავშვის ჯანმრთელობაზე.
„ერთხელ მაინც მოგივიდათ თავში აზრად, მშობლებთან კონსულტაცია და მათი დამოკიდებულების მოსმენა? მშობელი აგებს პასუხს შვილის ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე. ჩაფლავდა პროექტი სახელად „ფორმები“. დამარცხდით იმ ასობით ბავშვთან და მშობელთან, ვისაც არ ჰკითხეთ და არ მოუსმინეთ. უამრავი მშობელი არ ჩააცმევს და თქვენ ვერაფერსაც იზამთ“, — აცხადებს თურაზაშვილი.
„ლელოს“ წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს სკოლებში არსებულ სხვა ფუნდამენტურ პრობლემებზეც — დანგრეულ და დაკეტილ შენობებზე, მოუწესრიგებელ საპირფარეშოებზე, მოსწავლეთა უფასო კვების არარსებობასა და პედაგოგთა კომპეტენციის გამოცდების შედეგებზე. მისი შეფასებით, სამინისტრომ ფორმებზე ზრუნვამდე ჯერ მოსწავლეებს საკუთარ უბნებსა და სოფლებში მოწესრიგებული სკოლები უნდა დაუბრუნოს.














