თუკი მმართველი პარტიის თავმჯდომარე ყიდულობს ადამიანების საბანკო ვალებს, არის თუ არა ეს ხმების მოსყიდვა? – გიორგი კანდელაკი

საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები იყო დებატების ერთ-ერთი მთავარი თემა სტრასბურგში, სადაც ევროსაბჭოს დეპუტატებმა გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს. ევროსაბჭოს დეპუტატებს სესიაზე ქართველმა კანონმდებლებმაც მიმართეს.

“ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე ისაუბრა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა მაგალითად ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე განხორციელებული ზეწოლა მოიყვანა, რასაც ია კერზაიას გარდაცვალება მოჰყვა.

“ბოლო არჩევნებმა 90-იანი წლების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების ყველაზე კრიტიკული შეფასება დაიმსახურა. მინდა ჩემს კოლეგებს ვკითხო. თუკი არჩვენების დღემდე რამდენიმე დღით ადრე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ყიდულობს ასობით ათასი ადამიანის საბანკო ვალებს. არის თუ არა ეს ხმების მოსყიდვა? ანგარიში ნათქვამია რომ ეს ხმების მოსყიდვაა. თუკი არჩვენებამდე რამედნიმე დღით ადრე მმართველი პარტიის დეპუტატის ძმა, თანამოაზრეებთან ერთად თავს ესხმის ოპოზიციური პარტიის ოფისს და იქ მყოფებს ფიზიკურად უსწორდება, ამის გამო კი არავინაა დაკავებული, ეს ნორმალურია? ფაქტი, რომ ზურაბიშვილის შემომწირველები დღეს სხვადასხვა ტენდერებს იგებენ. დამკვირვებლების შეფასებით, კორუფციის ნიშანია. განათლების სამინისტრო წინასაარჩევნო პერიოდში სკოლებში კამპანიას აწარმოებდა, რაც ზუგდიდის სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალებით დასრულდა. ეს ტრაგედია გამოძიებას საჭიროებს,”-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატზე განხორციელებულ თავდასხმებზე გაამახვილა ყურადღება, “ქართული ოცნების” დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა თქვა, რომ ქალი კანდიდატის მიმართ უღირსი კამპანია მიმდინარეობდა.

“ანგარიშებში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოამზადეს, საარჩევნო პროცესის ობიექტური კრიტიკაც იყო. ყველამ დავინახეთ ხარვეზების საარჩევნო სისტემაში რომლის გამოსწორებაც საჭიროა. ამავდროულად მინდა ვთქვა, რომ ქალი კანდიდატის წინააღმდეგ უღირსი კამპანია მიმდინარეობდა. სალომე ზურაბიშვილი გახდა უპრეცედენტო თავდასხმების ობიექტი ოპოზიციური პარტიების მხრიდან. მნიშვნელოვანი როლი ამ ნეგატიურ კამპანიაში ითამაშა საქართველო ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რომელიც მას ყოველდღიურად ესმოდა თავს აგრესიული გამონათქვამებით,”-მიმართა ევროპელ დეპუტატებს დიმიტრი ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიინტოქსიკაცია ვარკეთილში – შსს-მ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის როლი მოსამართლეთა შერჩევის პროცესში – იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ომბუდსმენს შეხვდებიან