“თუ ვინმემ ხარჯების ოპტიმიზაცია ისე გაიგო, რომ ბაღებში ბავშვებს რაციონი უნდა შევუმციროთ, ეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილებაა”

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია საბავშვო ბაღების კვების რაციონის შემცირებას არ ითვალისწინებს.

აღნიშნული განცხადებით პრემიერი თელავის საბავშვო ბაღში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„მინდა შევეხო ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხს, გადამოწმებული არ გვაქვს ეს ფაქტი, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თელავის საბავშვო ბაღების სისტემაში კვების რაციონის გადახედვა მოხდა და რაციონიდან მნიშვნელოვანი სახეობები იქნა ამოღებული. ალბათ, ეს არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქმე, მაგრამ მინდა ჯანდაცვის და განათლების მინისტრს ვთხოვო, რომ ამ საკითხში ჩაერიოთ. თუ ეს რეალობაა , არ ვიცი რომელ ჩინოვნიკს მოუვიდა თავში. თუ ასეთი ჩინოვნიკი ბუნებაში არსებობს , ხვალ აღარ მინდა რომ იყოს თანამდებობაზე“, – აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, თუ ბავშვების რაციონს ვინმე შეეხება, ამ შემთხვევაში, ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული.

„თუ ვინმემ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია ისე გაიგო, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს რაციონი უნდა შევუმციროთ, ეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილებაა. თუ ვინმე ბავშვების რაციონს შეეხო, მიიღეთ ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება, რადგან ეს მიუღებელი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: თედო ჯაფარიძის მუშაობა საგარეო მიმართულებით ჩვენს პრიორიტეტებს ძალიან წაადგება
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ეს არის დაუბალანსებელი ბიუჯეტი, რომლითაც არაერთი ილუზიის დაფინანსებაა გაწერილი