“თუ ვინმე აკეთებდა მონაზვნების, მღვდლების, ჟურნალისტების, თითოეული ჩვენგანის პირადი ცხოვრების ჩანაწერებს, ეს იყო „ნაცმოძრაობა“

gulis eleqsiri

თუ ვინმე ფაილებს აგროვებდა და ჩანაწერებს აკეთებდა, მათ შორის, პირადი ცხოვრების მონაზვნების, მღვდლების, თითოეული ჩვენგანის, ჟურნალისტების, ეს იყო „ნაცმოძრაობა“. ეს ფაილები არსებობს, არსად გამქრალა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკმა ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ჩანაწერები დღეს იმ ადამიანების ხელშია, რომლებიც აშანტაჟებდნენ და განაგრძობენ ამ ფაილებით მანიპულირებას.

„დარწმუნებული ვარ, ამ საკითხს პასუხს გასცემს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ერთი ყოფილი თანამშრომელი გამოვიდა და თქვა, რომ ყველას უსმენენ და რაღაც ფურცლები ააფრიალა, რაც არაფერს ნიშნავს, მაგრამ საკითხის შესწავლა და საზოგადოების საყურადღებოდ მკაფიო კომენტარების გაკეთება აუცილებელია. ვფიქრობ, შესაბამისი რეაგირება არ დააყოვნებს. რაღაც ფურცელს რომ ააფრიალებ, მტკიცებულება შეიძლება, იყოს კონკრეტული ტელევიზიისთვის, მაგრამ არ იყოს კომპეტენტური საზოგადოებისთვის, თუმცა დამატებით კითხვებს პასუხები სჭირდება. ოპონენტებისგან ერთადერთი რაციონალური და სიმართლესთან ახლოს მყოფი განცხადება მოვისმინეთ, რომ „მანკიერი პრაქტიკა გრძელდება“, ანუ ადასტურებენ, რომ ეს პრაქტიკა იყო. ეს პრაქტიკა არ არსებობს, მაგრამ იმისთვის, რომ დღევანდელი ხელისუფლება სხვადასხვა დანაშაულებში 2012 წლამდე არსებულ სადისტურ მმართველობას გაუთანაბრდეს, რასაც რა პროპაგანდისტულ მანქანასაც უნდათ, ჩართავენ. ეს არის სტრატეგია და მას სჭირდება შესაბამისი პასუხები შესაბამისი სტრუქტურებიდან. თუ ვინმე ფაილებს აგროვებდა და ჩანაწერებს აკეთებდა, მათ შორის, პირადი ცხოვრების მონაზვნების, მღვდლების, თითოეული ჩვენგანის, ჟურნალისტების, ეს იყო „ნაცმოძრაობა“. ეს ფაილები არსებობს, არსად გამქრალა. შეცდომა იყო დაშვებული, რომ არ უნდა განადგურებულიყო კასრებში მოთავსებული ათასობით მტკიცებულება არაადამიანური ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე. მათ შორის ის, რომლითაც ადამიანებს აშანტაჟებდნენ. ეს ფაილები არსებობს, გატანილია და დღეს იმ ადამიანების ხელშია, რომლებიც აშანტაჟებდნენ და განაგრძობენ ამ ფაილებით მანიპულირებას“, – განაცხადა გია ვოლსკმა.

წინა სტატიაში“გადადგეს განათლების მინისტრი “- მასწავლებლების აქცია
შემდეგი სტატიაწიკლაური: ივანიშვილი ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხერხებს ქართული ჯარის გამოყენებას