თუ ვიღაცას ჰქვია „ბანანის რესპუბლიკა“, ჩვენ დაგვერქმევა სახელად „კანაფის რესპუბლიკა – რომან გოცირიძე

„ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის ძალიან სასაცილო, კომიკურ სახეს იძენს ქვეყანაში, რომელიც 95 პროცენტით ამარაგებდა საბჭოთა კავშირს ჩაის პროდუქციით და სადაც არის ციტრუსების და ხილის წარმოების „მექა“, ვქმნით მარიხუანას სამინისტროს,“ – ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ გააკეთა.

რომან გოცირიძე კანაფის კონტროლის შესახებ პარლამენტში შესულ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებებს კონკრეტული პირების ინტერესებზე არგებს.

ოპოზიციონერი აცხადებს, რომ „მარიხუანას სამინისტროს“ შექმნა ქვეყნის იმიჯს აზარალებს.

„სოფლის მეურნეობა დეგრადირებულია, მივდივართ უკან და უკან და ვიღაცას თავში მოუვიდა თავხედური აზრი, რომ დასცინოს ხალხს. საქართველო გახდება მსოფლიოს რუკაზე ნარკოტიკების ექსპორტიორი სახელმწიფო და ამით დავიმკვიდრებთ სახელს. თუ ვიღაცას ჰქვია „ბანანის რესპუბლიკა“, ჩვენ დაგვერქმევა სახელად „კანაფის რესპუბლიკა,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კანაფის კონტროლის შესახებ კანონი უკვე პარლამენტშია. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, საქართველოში ლიცენზირებული იქნება არა მხოლოდ კანაფის დათესვა-მოყვანა და კულტივაცია, არამედ მისი გადამუშავება და სხვადასხვა პროდუქტის შემქნა, მათ შორის, სამედიცინო მიზნით. თუმცა, კანონპროექტის მიხედვით, ასეთი პროდუქცია საქართველოში არც საბითუმოდ და არც საცალოდ არ გაიყიდება და ის მხოლოდ ექსპორტზე გავა.

banner
წინა სტატიაშიმოქალაქეები სალომე ზურაბიშვილს 30 თეთრს ურიცხავენ
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძემ და გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ერთმანეთს აგინეს