„თუ წავალთ „უდარში“, ამ შემთხვევაში ამ პარტიის შეცვლა მოგვიწევს ფუნდამენტურად – სააკაშვილი ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ მის პარტიას, „ახალი ძალების მოძრაობას“ ხელოვნური ბარიერები ჯერ კიდევ ექმნება რეგისტრაციის მხრივ და შესაძლოა, მისმა პარტიამ ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღოს. ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე გადაწყვეტილების მისაღებად მან დახმარება მხარდამჭერებს და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს სთხოვა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში ვიტალი კლიჩკოს პიროვნებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის ღირსეული ადამიანი და მისი ძველი მეგობარია.

„თუ წავალთ „უდარში“, ამ შემთხვევაში ამ პარტიის შეცვლა მოგვიწევს ფუნდამენტურად. პირველ რიგში იქ ბევრი ადამიანია, რომლებიც ბოლო მომენტამდე პოროშენკოსთან იყვნენ. ამიტომ, მე მგონია, რომ თუ ერთად წავალთ, ამ ადამიანებისგან უნდა გავთავისუფლდეთ, რომლებიც ბოლო წუთამდე პოროშენკოს ლოიალურად ემსახურებოდნენ. იქ ასევე არიან გარკვეული ადამიანები, რომლებიც დაკავშირებულები არიან კორუფციასთან და მათგანაც უნდა გავთავისუფლდეთ და უფრო მეტიც, მივაღწიოთ მათ ციხეში გაშვებას. ესეც გარკვეული წინაპირობაა განახლებისა და ახალი გაერთიანების“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რაც შეეხება მეორე გზას, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ გზის არჩევის შემთხვევაში დიდი ალბათობით „ახალი ძალების მოძრაობა“ არჩევნების მიღმა აღმოჩნდება.

„არის კიდევ მეორე ვარიანტი. თუ ამ წინადადებას არ ვიღებთ და ამ არჩევნებზე არ მივდივართ, მაშინ ჩემი გუნდი, „ახალი ძალების მოძრაობა“, შეიძლება ყველა არჩევნების მიღმა აღმოჩნდეს. ესეც არჩევანია, მაგრამ მე მესმის, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ახლა დახმარება სჭირდება, მათ შორის პარლამენტში, ასევე ახალი კადრებით. იმისთვის, რომ დავეხმაროთ, აუცილებელია მხოლოდ პასიური დამკვირვებლები არ ვიყოთ, არამედ მონაწილეობა უნდა მივიღოთ პროცესში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს მისი პარტიის ხელმძღვანელობა შესთავაზა.

banner
წინა სტატიაში,,მცდელობა, თითქოს ყველაფერი სააკაშვილის გარშემო ტრიალებს და ეს არის მთავარი თემა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაში, პოლიტიკური ფანდია”
შემდეგი სტატია,,სააკაშვილიც საკმაოდ აქტიური პოლიტიკოსია და ეს ვერ გააჩერებს მას”-ჭიჭინაძე