თუ სხვა გადაწყვეტილების მიღებას დააძალებენ, მაჟორიტარები მანდატის დატოვებით იმუქრებიან

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მათ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ.

„მათ აქვთ საკუთარი არგუმენტები, ჩვენ ვიცით ამ სისტემის რისკებიც და უპირატესობებიც. ამ უპირატესობების გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება. ჩვენ ამას უნდა მივყვეთ ბოლომდე და ქვეყანა უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე.

მე ვიცი დიმიტრი ხუნდაძისა და შიოლაშვილის პოზიცია. ისინი ამბობდნენ, რომ თუ ვინმე დააძალებს, რომ მიიღონ სხვა გადაწყვეტილება, მზად არიან დატოვონ მანდატი. მაგრამ თუ გუნდი მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას, ისინი არ დატოვებენ მანდატს. ეს ჩემთან პირად საუბარშიც აქვთ ნათქვამი.

არ არის ლოგიკა იმაში, რომ კანონპროექტი ჩავარდეს. უმრავლესობა უჭერს პროპორციულ სისტემას მხარს. ჩვენ დამოუკიდებლად ამ გადწყვეტილების მიღება არ შეგვიძლია. მონაწილეობა უნდა მიიღოს ოპოზიციამაც და მათი ხმებიც უნდა დაემატოს. საერთო ჯამში პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის პლენარული სხდომა გუშინ ისე დასრულდა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ვერც განხილვის დასრულება მოესწრო და ვერც კენჭისყრა.

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას არ ემხრობა.

შეგახსენებთ, 20 ივნისის აქციის შემდეგ, მმართველმა პარტიამ საარჩევნო სისტემის ცვლილება დააანონსა, რომელიც მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ნულ პროცენტაინი ბარიერით გულისხმობს.

არსებული საარჩევნო კანონით კი, საქართველოს პარლამენტის 77 წევრი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ხოლო 73 წევრი — მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

პლენარული სხდომა დღეს, 12:00 საათზე ამ საკითხის განხილვით დაიწყება. სავარაუდოდ, კანონპროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაც დღეს მოხდება.

banner
წინა სტატიაშიემოციური დისკუსია იყო… დავიცავთ პირობას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს დავუჭერთ – აკაკი ზოიძე
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება