თუ სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა

სასწორზე თუ დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ პარტიებს შორის შეთანხმება შედგება და ამას მედიატორები დაადასტურებენ.

„მგონი, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პირი, რომელსაც ბევრი რამ შეიძლება, დავარქვათ, გარდა პოლიტპატიმრისა, არც ერთი ნიშნით, ეს იქნება ზნეობრივი, მორალური თუ პოლიტიკური, არ ჯდება შეწყალების კატეგორიაში. ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემს თავს და მივიჩნევდი და დღესაც მივიჩნევ, რომ თუ სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა. ამის გათვალისწინებით, მზად ვარ, მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას ვღებულობ მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი ჩემი პირობით. ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე, ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას. ეს ნიშნავს, რომ ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ის წარმადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა, ამ განცხადებიდან ერთი კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხელმოწერა არ ნიშნავს, რომ თამარ ჟვანიამ თანამდებობა უნდა დატოვოს – თალაკვაძე
შემდეგი სტატია“ოცნება” ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემ სახელს იყენებს – ზურაბიშვილი