“ხვდებიან, რომ ეს მათი მხრიდან წაგებული თამაშია და თუ საქმე „განტევების ვაცამდე“ მივიდა, საფრთხის ქვეშ არის არა ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ, ირაკლი კობახიძე! – ივანიშვილმა რაღაც მომენტში კობახიძე ხომ უნდა ჩარეცხოს? შეიძლება ჩათვალოს, რომ ამ მიზეზით კობახიძის ჩარეცხვის კარგი მომენტია და ამას გადააყოლოს! – ასეთ შეფასებას აკეთებს BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო ჟურნალისტურ მასალაზე ექსპერტი, გია ხუხაშვილი.
ხუხაშვილი ფიქრობს, რომ BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ძალიან მძიმე რეაგირება მოჰყვება და ამბობს, რომ თუ ისტორია ძალიან გაღრმავდა, შეიძლება „განტევების ვაცის“ მომენტი დადგეს.
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებაში მიდის განხილვა, თუ ვის შეიძლება BBC-ისთვის შს სამინისტროს მასალები გადაეცა, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ ეს შეიძლება ღარიბაშვილს გაეკეთებინა, დიდი სისულელეა, რადგან “ღარიბაშვილს ასეთი რაღაცების კეთების ტვინი არა აქვს”.
“ჩვენს საზოგადოებას პერსონაჟების რაღაც ეტაპზე გმირად გამოცხადება და მის შესაძლებლობებზე მითების შეთხზვა ახასიათებს. ირაკლი ღარიბაშვილს ამდენად არ ღირს. მას იმდენი ტვინი არა აქვს, რომ ასეთი რაღაცები აკეთოს.
ცხადია, რომ BBC-ის სერიოზული წყაროები ჰყავდა, მაგრამ ეს წყაროები შს სამინისტროში, შესაბამისად ჩახედულ ადამიანებში უნდა ვეძებოთ. ირაკლი ღარიბაშვილს ამას არც არავინ ეტყოდა, რომ რაიმე მასალები და ამ ყველაფერზე წვდომა ჰქონოდა. თუ ყველაფერი განტევების ვაცამდე მივიდა, მაშინ საფრთხის ქვეშ არის არა ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ ირაკლი კობახიძე! აქ გომელაური ხურდაა და საერთოდ არ არის საინტერესო.
ივანიშვილმა რაღაც მომენტში კობახიძე ხომ უნდა ჩარეცხოს – მთელი სიბინძურე აკიდოს და შემდეგ ჩარეცხოს. შეიძლება ჩათვალოს, რომ ამ მიზეზით მისი ჩარეცხვის კარგი მომენტია და ამას გადააყოლოს. შეიძლება კობახიძე ამ საფრთხეს გრძნობს და მისი შემოგდებულია თემა, რომ თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი რაღაც შუაშია, რათა ამ დარტყმიდან საკუთარი თავი გამოიყვანოს. ასე რომ, ეს ყველაფერი არის კულუარული თამაში.
ბიძინა ივანიშვილს რომ დასჭირდა მისი ყველაზე საყვარელი პოლიტიკური შვილი ირაკლი ღარიბაშვილი გაწირა და ირაკლი კობახიძე მისთვის საერთოდ არავინ არის და ერთ დღეში ისე ჩარეცხავს, როგორც დაგიბარებია“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
















